მედიასაშუალებები ხელისუფლებისგან ტელეკომპანია

მედიასაშუალებები ხელისუფლებისგან ტელეკომპანია "მაესტროსთვის“ ქონების დაბრუნებას მოითხოვენ

მედიასაშუალებების წარმომადგენლები  ხელისუფლებას ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ და „მაესტროს“ ქონებაზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

 მათი განცხადებით, "მაესტროს" ირგვლივ შექმნილი სიტუაცია არის არა მხოლოდ „მაესტროს“, არამედ მთელი მედიის პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

„ხელისუფლების მხრიდან გრძელდება მედიაზე ზეწოლა და ამ მიმართულებით, მორიგი ნაბიჯი „მაესტროს“ ქონების დაყადაღებააჩვენ ხელისუფლების ამ ქმედებებს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღვიქვამთ“- განაცხადა გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა.

მისი თქმით, მედიის წარმომადგენლები იქამდე იბძოლებენ, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება და „მაესტროს“ წართმეული ქონება არ დაუბრუნდება.

ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ უახლოეს მომავალში აჩვენოს საზოგადოებას რა სურს - პლურალისტური გარემოს შექმნა, დემოკრატია და სამართლიანი არჩევნები თუ არჩევნებამდე ხელების გადაგრეხვისა და მორევის პრინციპით მისვლა.

 "მაესტროს" თემა ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია. ის "მაესტროს" საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაექცევა და ვერ მოგვიშორებს თავიდან იმის თქმით, რომ მიმდინარეობს გამოძიება ან პროკურატურას მივმართოთ“, - აღნიშნა მან.

„ცხელის შოკოლადის“ რედაქტორის შორენა შავერდაშვილის თქმით, პროკურატურის ბრალდებაში, რომლის საფუძველზეც „მაესტროს“ თეფშები დააყადაღეს, არ არის არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ ეს კანონიერი გადაწყვეტილებაა და არა პოლიტიკური ბერკეტი მედიის წინააღმდეგ.

„მაესტრო“ არ არის პირველი შემთხვევა, ვინაიდან მანამდე ხელისუფლების ზეწოლის ობიექტი „გლობატ ტვ“ იყო.„მაესტრო“ იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რასაც თავისუფალი ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლა ჰქვია“- აღნიშნა შავერდაშვილმა.

„მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის თქმით კი, ამ ეტაპზე იურისტები საერთაშორსიო ორგანიზაციების სახელზე წერილის შედგენაზე მუშაობენ, სადაც მითითებული იქნება საერთაშორისო კონვენციების ის მუხლები, რომლებიც „მაესტროსთან“ მიმართებაში დაირღვა. „მაესტროს“ იურისტები, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, პროკურატურას უახლოეს ხანებში მიმართავენ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი 16 ათასამდე თეფში, ამდენივე მიმღები და თავაკი, რომელიც უკრაინიდან და თურქეთიდან შემოდიოდა, პროკურატურამ საზღვარზე დააყადაღა.

 

დღევანდელ პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე, ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, "მაესტროს" გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე. 

აღსანიშნავია, რომ „მაესტროს“ ქონების დაყადაღებას მედიაორგანიზაციები ხვალ პარლამენტის წინ გააპროტესტებენ.