„თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ ოპოზიციურ ძალებს მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებენ

„თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ ოპოზიციურ ძალებს მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებენ

 პოლიტიკური პარტიები „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ რეალურ ოპოზიციურ ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ დღეს  აღნიშნულმა პარტიებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. 

განცხადებაში ისინი  შეშფოთებას გამოთქვამენ წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევების გამო და ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს მაჟორიტარი კანდიდატების თაობაზე შეთანხმებას სთავაზობენ.
პარტიათა წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხისთვის განკუთვნილი ფინანსები საკუთარ საარჩევნო ინტერესებს დაუქვემდებარა ხოლო, ოპონენტი პარტიების ფულადი შემოსავლები - აუდიტის სამსახურს. 
„ რეალური ოპოზიციური ძალების დაქსაქსულობა შემაშფოთებელია და ამდენად, აუცილებელია კონსულტაციების დაწყება ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შესაქმნელად“, - აცხადებენ ისინი.
გარდა ამისა, პარტიების წარმომადგენლები მიმართავენ ხელისუფლებას, საჯარო გახადოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყნიდან გავიდნენ და დღემდე არ დაბრუნებულან. ამისათვის კი ისინი თანადგომას ევროკავშირს, ევროგაერთიანებას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ, რათა მათ დახმარება გაუწიონ პარტიებს საქართველოში  არ დაბრუნებული მოქალაქეების სიების მოპოვებაში.
„ერთობლივი ძალისხმევით, არჩევნების მეორე დღესვე, შესაძლებელი უნდა გახდეს იმ ამომრჩეველთა გასაჯაროება, რომლებაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ყველას ვინც ხელს შეუშლის ოპოზიციურ პარტიათა კოორდინაციას, ოქტომბრის არჩევნებში სააკაშვილის ტრიუმფალური გამარჯვების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“ - განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა. 


ამასთანავე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განცხადებაზე ხელმოსაწერად ყველა ოპოზიციურ ძალას იწვევენ.