საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებზე ისაუბრა და ჟურნალისტებს იმ ღონისძიებების პირველადი მონაცემები გააცნო, რომლებიც სტიქიისგან დაზიანებულ ზონებში ხორციელდებოდა.
მანჯგალაძის განცხადებით, საკომპენსაციო თანხებს დაზარალებული მოსახლეობა პარლამენტის მიერ საბიუჯეტო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მიიღებს.
„საკომპენსაციო თანხების დარიგება სავარაუდოდ აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება და 15 აგვისტოსთვის დასრულდება. მთლიანობაში სულ საბიუჯეტო ცვლილებებით 160 მილიონი ლარის მობილიზებაა გათვალისწინებული. პრაქტიკულად ახალი პროგრამა შეიქმნება, ეს არის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და 50 მილიონი ლარით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებული გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსება. მათ შორის, დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება, სასოფლო სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაციის გადაცემა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, კახეთის რეგიონში დაზიანებულია დაახლოებით 3 ათასი სახლი და სახლების 80% ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მანჯგალაძის განცხადებით 14 ათასზე მეტმა ოჯახმა უკვე მიიღო სასურსათო კალათი და აღნიშნა, რომ შხამქიმიკატები და საწვავის ტალონი ყველა დაზარალებულმა უკვე მიიღო.
მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონში სრულად აღდგა გაზისა და წყლის მიწოდება, აღდგენილია ელექტროენერგიის 60% და აღნიშნა, რომ შუქის მიწოდება 26 ივლისს რეგიონს მთლიანად აღუდგება.