ლია მუხაშავრია:

ლია მუხაშავრია: "Amnesty International-მა ძალიან სწორი კვალიფიკაცია მისცა მომხდარ მოვლენებს

საერთაშორისო ორგანიზაცია "Amnesty International"–მა საქართველოში წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მოხსენება მოამზადა.  „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტების” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან კარგია, რომ ორგანიზაცია დროულად გამოეხმაურა იმას, რაც საქართველოში ხდება და ძალიან  სწორი კვალიფიკაცია მისცა მომხდარ მოვლენებს.

„არ მგონია სადაო იყოს ის, რომ არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ ნებისმიერ დროში ადამიანებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება და ხედვის უფლება თუ ვინმეს არღვევს ამას, ის უნდა დაისაჯოს. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული გახლდათ ის აქციები სადაც ეს ინციდენტები ხდება, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებულია. ეს ანგარიში საკმაოდ სერიოზული გაფრთხილებაა ხელისუფლებისადმი, რომ მან გაითავისოს ის, რომ მას არანაირი დაცვის არგუმენტი არ ექნება, თუ ასე გააგრძელებს. ამ პროცესების ასეთი ფორმით გაგრძელება ძალიან შეულახავს იმიჯს არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდს, არამედ თვითონ არჩევნებსაც“,-აცხადებს მუხაშავრია.

რაც შეეხება იმას, მიმდინარეობს თუ არა ბრძოლა ჟურნალისტების წინააღმდეგ ხელისუფლების დაბალი რგოლების და მათი აქტივისტების მხრიდან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების შიში და მცდელობა იმის, რომ ამომრჩეველი არაინფორმირებული დატოვოს.

„ეს არის ხელისუფლების მცდელობა არაინფორმირებული დატოვოს ამომრჩეველი და დააშინოს ჟურნალისტები, რათა მათ არ გამოჩხრიკონ რაიმე ფაქტები და არ გახადონ ისინი საჯარო. ძალიან ბევრი ფაქტია ისეთი, რომელიც პოლიტიკოსებს სურთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დამალონ. ჟურნალისტების პროფესიონალური საქმიანობა კი სწორედ იქიდან იწყება, რომ მათ ასეთი დამალული ფაქტები გამოამზეურონ და ისინი საჯარო გახადონ“,-აღნიშნავს მუხაშავრია.

"Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ყველა ფაქტის ზედმიწევნითი გამოძიება. რამდენად იღებს ყურად საქართველოს ხელისუფლება ამ მოწოდებას და რა აქტივობებს გეგმავენ არასამათავრობოები ჟურნალისტების დასაცავად, მუხაშავრიას განცხადებით, მათი ორგანიზაცია ცნობილია იმით, რომ ჟურნალისტებს იცავს და უფლებადამცველი სხვა ორგანიზაციებსაც მოუწოდებს ხმა ამოიღონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ.

„ჩვენ შევუერთდით მედიასაშუალებების მხარდაჭერის კამპანიას „მაესტროს“ მიმართ და ძალიან კარგი იქნება თუ ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოხატავს პროტესტს იმის წინააღმდეგ, რაც დღეს საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ გვიწერია“,-აცხადებს ლია მუხაშავრია.