მანანა კობახიძე: ბათუმის მერიის უარი,  „ქართული ოცნებისთვის“ ხელოვნური დაბრკოლებისა და  წინააღმდეგობის შექმნაა

მანანა კობახიძე: ბათუმის მერიის უარი, „ქართული ოცნებისთვის“ ხელოვნური დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის შექმნაა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე ბათუმის მერიის უარს,  „ქართული ოცნების“  წინასაარჩევნო შეკრების ევროპის მოედანზე გამართვაზე, ოპოზიციური აქტივობის ხელშეშლად აფასებს.

კობახიძის განცხადებით, ბათუმის მერიის პასუხს პოლიტსაბჭო განიხილავს და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ის,  რომ ბათუმის მერიამ ევროპის მოედანზე აქციის ჩატარებაზე  უარი გვითხრა,  ეს „ქართული ოცნებისთვის“ ხელოვნური დაბრკოლებისა და  წინააღმდეგობის შექმნაა. მიმაჩნია, რომ ეს გაუმართლებელია, რადგან ყველა ოპოზიციურ პარტიასა თუ გაერთიანებას  წინასაარჩევნო პერიოდში თავის ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება  უნდა მიეცეს, თან  იმ მასშტაბებით, რაც ამ შეხვედრის ჩატარებისთვის აუცილებელია და შესაბამისად,  ამისთვის  სათანადო ადგილი უნდა გამოიყოს.  ეს  ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და როდესაც ამას ადგილობრივი მმართველობითი ორგანო წინააღმდეგობას უწევს,  ოპოზიციური აქტივობის პირდაპირი ხელშეშლაა“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ მარავალათასიან შეხვედრას გეგმავს, ამიტომ ამბობს, რომ მათთვის ისეთი ადგილია საჭირო,  რომელიც მისაღები და გადასაადგილებლადაც ხელსაყრელია.