„არჩევნის თავისუფლებისთვის“  ხარაგაულის საკრებულოს  მედიის წარმომადგენლებისთვის  გაუმართლებელი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ ხარაგაულის საკრებულოს მედიის წარმომადგენლებისთვის გაუმართლებელი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ინფორმაციით, ბოლო დროს ხარაგაულის რაიონში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ადგილობრივი საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებაში პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად, კოალიცია ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანს ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაციით მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  მეხუთე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა“,  ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად კი, საკრებულოს სხდომა ღიაა. ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, მოიპოვონ ინფორმაცია, ჩაწერონ ინტერვიუები რესპონდენტებთან, დაესწრონ საკრებულოს სხდომებს. უკვე რამდენიმე თვეა, ამგვარი პრობლემების წინაშე დგას ადგილობრივი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“, საკრებულომ შემოიღო აკრედიტაციების სისტემა, რომლითაც უნდა მოხდეს ჟურნალისტთა შესვლა შენობაში. მიუხედავად ამ წესისა, საკრებულომ მხოლოდ გაზეთის რედაქტორზე, ლაურა გოგოლაძეზე გასცა დროებითი საშვი, რომლითაც მხოლოდ საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და შენობაში ერთჯერადად შესვლის უფლება აქვს. ამავე გაზეთის სხვა ჟურნალისტებზე კი თუნდაც ამგვარი საშვის გაცემაზე უარი თქვა. ცოტა ხნის წინ პრობლემები შეექმნათ „ინფო 9“-ის ჟურნალისტებსაც, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკრებულოს სხდომაზე დასწრება.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფება და, შესაბამისად, ჟურნალისტებისთვის ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან დაუბრკოლებლად მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და საჯარო მოხელეთა პასუხი ყველა კითხვაზე, მივიჩნევთ, რომ ამგვარი შეზღუდვების დაწესება არ წაადგება არც საკრებულოსა და მედიის ურთიერთობებს და არც ზოგადად, საარჩევნო გარემოს“, - ნათქვამია  ორგანიზაციის განცახდებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ხარაგაულის საკრებულოს რეკომენდაციით მიმართავს, დაიცვას „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები, გაითვალისწინოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საკრებულოს საქმიანობის მიმართ მოცემულ ეტაპზე და მოხსნას მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი გაუმართლებელი შეზღუდვები, აუცილებლობის შემთხვევაში კი, გასცეს აკრედიტაციები ყველა ჟურნალისტზე მოთხოვნის შესაბამისად.