კოკა გუნცაძე: კაციტაძეს ჩვენი ორგანიზაცია ანერვიულებს იმიტომ,  რომ ფალსიფიკაციის შესაძლებლობას არ მივცემთ

კოკა გუნცაძე: კაციტაძეს ჩვენი ორგანიზაცია ანერვიულებს იმიტომ, რომ ფალსიფიკაციის შესაძლებლობას არ მივცემთ

საზოგადოებრივმა  მოძრაობამ  „ამომრჩეველთა ლიგა“- მ  ალტერნატიული  „კარდაკარ“ კამპანიის სამუშაოების 85% უკვე შეასრულა.  „ლიგა“ საზოგადოებას  „კარდაკარ“ კამპანიის სამუშაოების შედეგებს  პერიოდულად ამცნობს,  აგვისტოს დასაწყისში კი,  ორგანიზაცია  შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს, სადაც საზოგადოებას სიებში არსებულ ხარვეზებზე საბოლოო შედეგებს მიაწვდის.

როგორც „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი, კოკა გუნცაძე აცხადებს, სიების დაზუსტების პროცესში,  მათ მიერ აღმოჩენილი  მონაცემებსა და ფაქტებს ყველა იმ ინსტანციას გადაუგზავნის,  ვინც ვალდებულია  უზუსტობაზე  რეაგირება მოახდინოს.

„ლიგა“ იმ ციფრებისა და  ფაქტების საფუძველზე, რომლებიც  ალტერნატიული „კარდაკარ“ აქციის შედეგად მოიპოვეს, არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ,  კამპანიის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

რას გულისხმობს არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ კამპანიის დაწყება, რას პასუხობს სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს, რომელიც „ლიგას“ კომისიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია პროფესიონალ მატყუარად ჩამოყალიბდა და აპირებს თუ არა ეს ორგანიზაცია „კარდაკარ“ კამპანიის ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში from.ge „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთ ლიდერს კოკა გუნცაძეს ესაუბრა.

კოკა გუნცაძე : სიების დაზუსტების პროცესში ჩვენ მიერ აღმოჩენილ უზუსტობებს ფაქტებს გამყარებულს განცხადებებით, შესაბამისი აღნიშვნებითა და კადრებითაც კი, ყველა იმ ინსტანციას მივაწვდით ვინც ვალდებულია ერთიან საარჩევნო სიაში ამ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. ჩვენ დაველოდებით სიების დაზუსტების კომისიას,  თუმცა ფალსიფიკაცია მხოლოდ საარჩევნო სიების უზუსტობების საფუძველზე არ ხდება.  ფალსიფიკაცია არჩევნების საკმაოდ რთული პროცესია და ბევრ ტექნოლოგიებს მოიცავს. მათ შორის,  ინფორმაციის გადაკეტვის მცდელობებს,  დაყადაღების პროცესებს,  რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და აბსურდამდეა მისული,  პოლიციის ქმედებებს,  წერტილოვან დარტყმებსა და რეპრესიებს,  რომლის საფუძველსაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში  ეს უზუსტობები წარმოადგენს. 

არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ კამპანია,  ჩვენს მიერ მაშინ დაიწყება, როცა სიების აღრიცხვას დავასრულებთ.  ეს კამპანია  ფართო  იქნება და  ყველა იმ ჩამოთვლილ ტექნოლოგიებსა და ხერხებს მოიცავს, რომელსაც  ხელისუფლება  არასწორი, არათანაბარი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად იყენებს.  ამ პროცესის ნაწილს  ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება,  გაწმენდა და   გასუფთავება წარმოადგენს. ყველა ამ მიმართულებით „ამომრჩეველთა ლიგას“  საკუთარი პოზიცია  და ინიციატივები ექნება.

-ალტერნატიული „კარდაკარ“ კამპანიის სამუშაოებს თბილისსა და ზუგდიდში აწარმოებთ. ამ შედეგის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ რა  მდგომარეობა  იქნება სხვადასხვა რეგიონებში?

-ვფიქრობ,  თბილისისა და ზუგდიდის მაგალითმა აჩვენა, რომ პროცენტული მაჩვენებელი იმ უზუსტობისა,  რომელიც წარმოადგენს ფალსიფიკაციის საფუძველს ესაა 17% - დან 22% - მდე  უცვლელია.  ვეჭვობ,  რომ ეს მაჩვენებელი შეიცვალოს,  იმიტომ რომ პრაქტიკულად,  სამუშაო დასასრულს უახლოვდება. ეს იმ უზუსტობების მაჩვენებელია, რომელსაც ხელისუფლება კარუსელისთვის, ყალბი პირადობის დამზადებისთვის და სხვა იმ ტექნოლოგიებისთვის  იყენებდა , რომელსაც  გასული ორი არჩევნებისას ადგილი ჰქონდა.  ჩვენმა ორგანიზაციამ კი, ყველა ეს უზუსტობა დაადგინა.

-გეგმავთ თუ არა „კარდაკარ“ სამუშაოების სხვა რეგიონებში ჩატარებას?

-არაა გამორიცხული სხვა რეგიონებშიც წამოვიწყოთ მსგავსი აქცია, თუმცა ახლა აქცენტი  თბილისსა და ზუგდიდზე გვაქვს. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია,  როგორც ადამიანურ ასევე სხვა ტიპის დიდ რესურსებს მოითხოვს.  ამიტომ ჩვენ საშუალება არ გვქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით მსგავსი კამპანია განგვეხორციელებინა. 

-მოასწრებთ არჩევნებამდე სხვადასხვა რეგიონების გავლასაც?

-რთულია.  დრო ძალიან ცოტაა, თუმცა რამდენიმე რეგიონში არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ალტერნატიული აქციის ჩატარება  მოვახერხოთ.  სიები ძალიან არეული იყო.  ძალიან რთული იყო ამ სიებზე მუშაობა და ამან ორჯერ გაზარდა  ის  ვადები,  რომელიც  საველე სამუშაოებისთვის  იყო გამოთვლილი.

-სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ  სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის დისკრედიტაციის მცდელობაში დაგადანაშაულათ და აღნიშნა, რომ „ამომრჩეველთა ლიგა“ პროფესიონალ მატყუარად ჩამოყალიბდა...

-მე კაციტაძის კომენტარებზე შეფასებებს არ ვაკეთებ. მე ვდებ ფაქტებს და კაციტაძემ ჩემს დადებულ ფაქტებზე  შემდეგ კომენტარები აკეთოს. არ მაინტერესებს კაციტაძე რას აკეთებს,  მე ვაძლევ ფაქტებს.  ჩვენი ორგანიზაციის მუშაობაზე  მას  რეაქციები აქვს. ჩვენი ორგანიზაცია ანერვიულებს იმიტომ რომ ფალსიფიკაციის შესაძლებლობას არ მისცემს, მეტი არაფერი.