გუშინ საღამოს, კახეთში საგანგებო სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ - მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და მინისტრებისგან სტიქიის შედეგებთან ბრძოლის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სააკაშვილი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საბანკო კრედიტების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით გამოვიდა.
საქართველოს პრემიერ - მინისტრის მერაბიშვილის განცხადებით კი, ამასთან დაკავშირებით მთავრობა უკვე მუშაობს და საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
სააკაშვილის თქმით, დაუშვებელია, რომ დაზარალებულებს, რომლებსაც სტიქიის გამო პრობლემები შეექმნათ, კრედიტის პრობლემაც დაემატოთ.
„სიტუაცია არის იმაზე მეტად დრამატული, ვიდრე წარმოგვედგინა. სახლების ნახევარზე მეტი სახურავის გარეშეა დარჩენილი, განადგურდა ხეხილის ბაღები, აღარ არის ყურძენი. მთელი შრომა და ინვესტიცია ქარმა და სეტყვამ წაიღო, ხალხი კი საკრედიტო ვალებით დარჩა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში კრედიტები დაზღვეული უნდა იყოს, რაც მოსავლის დაზღვევას გულისხმობს.