რადიკალური ჯგუფები არიან სისხლს მოწყურებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა მამუკა ჯუღელის განცხადებაზე საუბრისას.
„ამ ადამიანებს რომ მიეცეთ შესაძლებლობა ერთი დღით მაინც ქვეყნის მართვის სადავეები რომ აიღონ ხელში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა საშინელება შეიძლება დაატრიალონ და რა მისწრაფებები გააჩნიათ მათ, რაც იყო „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური რეჟიმის უცვლელი ხელწერა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
შსს-მ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის განცხადებაზე, პოლიტიკოსების მკვლელობის მოწოდებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
აქტივისტი მამუკა ჯუღელი პოლიტიკოსების მკვლელობის საჯარო მოწოდებით გამოვიდა, მან სოციალურ ქსელში სია გამოაქვეყნა. სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე, სოზარ სუბარი, შალვა რამიშვილი, ანდრია ჯაღმაიძე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი რუხაძე, გეკა გელაძე.