როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის.
„ძვირფასო დელეგატებო, საქართველო არ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მომხმარებლები, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკური ციკლის აქტიური მონაწილე. ჩვენი სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის.
როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და აფართოებს მიწოდების ჯაჭვის გლობალურ მდგრადობას. ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო საზოგადოების განვითარებაში, ეს არის ვალდებულება ვიყოთ იმ გამოწვევების დაძლევის საშუალება, რასაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები ეჭიდებიან.
დასასრულს, გიდასტურებთ საქართველოს ურყევ ერთგულებას ვიყოთ პარტნიორი, შესაძლებლობა და საშუალება ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისათვის. პარტნიორებს მოვუწოდებთ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კავშირების გაფართოვებისკენ და საერთო გეოგრაფიული გამოწვევების გარდაქმნისკენ რეგიონული კეთილდღეობის ლოკომოტივებად", - განაცხადა პრემიერმა.