პარტიებისადმი შეთავაზებულ დეკლარაციას 17 ახალი პუნქტი დაემატა

პარტიებისადმი შეთავაზებულ დეკლარაციას 17 ახალი პუნქტი დაემატა

პოლიტიკური პარტიებისადმი შეთავაზებულ დეკლარაციას, რომელიც წინასაარჩევნოდ პარტიებს შორის ურთიერთობების დარეგულირებას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული 17 პუნქტი დაემატა.
ამ ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა. კორექტირებული დეკლარაცია შემდეგი შინაარსისაა:
„ჩვენ, ამ დეკლარაციის ხელმომწერი პარტიები, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ვაღიარებთ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტ მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის. ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ: 
1. უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.
2. უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე;
3. მზად ვართ, განუხრელად დავიცვათ ცსკ-ის, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით;
4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცსკ-ის მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე".
5. ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ 16 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის ხელშეწყობის მიზნით შემოთავაზებულ პრინციპებს. 
ჩვენ, არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველა პარტია შემდეგ პრინციპებზე შეთანხმდეს:
არ დაუშვან საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება; უზრუნველყონ საკუთარი აქტივისტების მხრიდან კამპანიის წარმართვა პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში და გაატარონ შესაბამისი ზომები ამ წესის დამრღვევთა მიმართ; 
უზრუნველყონ საზოგადოების და შესაბამისი სამსახურების წინასწარი ინფორმირება მათ მიერ დაგეგმილი პარტიული ღონისძიებების თაობაზე; 
არ დაუშვან მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაციის მცდელობა; 

არ განახორციელონ ამომრჩევლის მოსყიდვა და ამ კუთხით დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; 
არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების და სახელმწიფო უწყებებში კონცენტრირებული ძალაუფლების გამოყენების გზით; 
ხელი შეუწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას – მაქსიმალური აქცენტი გააკეთონ თემატურ პოლიტიკურ დებატებზე და ამით მისცენ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა; 
პოლიტიკურმა პარტიებმა არ დაუშვან ძალადობის და აგრესიის წახალისება არჩევნების დღეს, მათ შორის, მომხრეების წინასწარი მობილიზების გზით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უწესრიგობა და დესტაბილიზაცია არჩევნების დღეს; 
უზრუნველყონ საკუთარ ღონისძიებებზე ყველა მედია საშუალებისთვის თანაბარი სამუშაო პირობები, არ დაუშვან ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები; 
არ დაუშვან მედია საშუალებების ბოროტად გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის ან საზოგადოების დეზინფორმირებისთვის. ხელი შეუწყონ მედია საშუალებებს შორის არსებული დაპირისპირების და დაძაბულობის განმუხტვას.

სახელმწიფო უწყებებმა: 

იმოქმედონ მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით; 
უზრუნველყონ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ; 
არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება ან დისკრიმინაციული მიდგომა; 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება, რომელიც დისკრიმინაციულად არ შეზღუდავს ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას; 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და საგამოძიებო ორგანოებმა მეტი აქცენტი გააკეთონ დარღვევების პრევენციაზე, ვიდრე დამრღვევთა დასჯაზე; 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელი შეუწყოს პარტიებს კანონის შესრულებაში, მათ შორის წინასწარი კონსულტაციების გზით, განსაკუთრებით დაფინანსების მიღების კუთხით; 
არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები. უზრუნველყონ სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში და საჯარო ღონისძიბებზე ყველა რეგისტრირებული მედია საშუალების წარმომადგენლებისათვის საქმიანობის თანაბარი პირობები; 
ყველა შესაძლო და კანონიერი ფორმით უზრუნველყონ საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც ასევე გულისხმობს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ტელეარხების შეუზღუდავად მიწოდებას