კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვიქტორ დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის” საპროგრამო დოკუმენტის „ხელშეკრულება საქართველოსთან“ შესახებ აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი „ნაცმოძრაობის“ განწირული სულისკვეთებაა, რომელიც საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რადგან საზოგადოებას 2002 წლიდან, სააკაშვილის საკრებულოში შესასვლელი დაპირებებიდან დაწყებული, არაფერი შეუსრულებია.
„ნაცმოძრაობამ“ ასეთი ბევრი ხელშეკრულება დადო, თუნდაც ათპუნქტიანი გეგმა, გილაურის გეგმა ,ახლა კიდევ მერაბიშვილის. ეს არის მათი განწირული სულისკვეთება. მათ რა პირობებიც დადეს, არაფერი არ აღსრულდა. გუშინ ტელევიზია „მაესტროში“ ვიხილეთ, რა პირობებიც დადო სააკაშვილმა 2002 წელს, როდესაც საკრებულოში შესასვლელად ემზადებოდა, არაფერი არ შესრულებულა. დაწყებული ტარიფებიდან დამთავრებული უსისტემობამდე, აბსოლუტურად ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთა. რომელი ერთი დაპირება შეასრულა „ნაცმოძრაობამ“ ამ წლების განმავლობაში და რომელი ერთი დაპირება აისახა საზოგადოებაზე. კარგი ანალიზი საზოგადოებამ უნდა გააკეთოს“,- აცხადებს დოლიძე From.ge-სთან საუბარში.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ასეთი თავისუფალი, ე.წ “Freedom Act”- ამერიკისა და ევროპული ქვეყნებისთვის მიღებული პრაქტიკაა, რითაც ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გარკვეულ თემებთან დაკავშირებით საკუთრი ამომრჩევლის წინაშე, აუხსნას მას თუ რის გაკეთებას აპირებს მომავალში. თუმცა, „ნაცმოძრაობის“ ეს აქტი არ არის სრულყოფილი, რადგან მათ ისიც კი არ იციან, რა უნდა გააკეთონ ამ პუნქტებთან მიმართებაში.
„ეს არის ხელშეკრულება საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. თუმცა, ისინი სრულიად სხვა ქვეყნები არიან, სხვა დემოკრატიული განვითარებით. მათ პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული სისტემა გააჩნიათ. ჩვენთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა. როდესაც „ნაცმოძრაობის“ წევრებთან პირდაპირ ეთერში ან დებატებში ჯდები, ისინი ვერცერთ პუნქტზე ახსნას ვერ გიკეთებენ, ვერ აანალიზებენ, რადგან არ იციან კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ ამ პუნქტებთან მიმართებაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ეს არის მათი განწირული სულისკვეთება“,-აცხადებს დოლიძე.