პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი 3 პოლიტიკურ ძალას აქვს: ნაციონალურ მოძრაობას, „ქართულ ოცნებას“ და “ქრისტიან-დემოკრატებს. მისივე შეფასებით, კვლევის შედეგების თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში გაცილებით მეტი ადგილი ექნება ვიდრე „ქართულ ოცნებას, „ქართულ ოცნებას“ მეტი ადგილი ექნება ვიდრე ქრისტიან-დემოკრატებს.
From.ge გიგი წერეთელს ესაუბრა:
- თქვენ საპარლამენტო სიაში იქნებით?
- სავარაუდოდ ვიქნები, ზუსტად არ ვიცი.
- მაჟორიტარი იქნებით?
- ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი.
- როდის გაიგებთ ამას?
- როდესაც საერთო გადაწყვეტილება იქნება და საარჩევნო კამპანია გამოცხადდება. კანონის მოთხოვნით და საჭიროების მიხედვით გამოვაცხადებთ სიასაც და მაჟორიტარებსაც.
- სიაში თუ ვერ მოხვდებით ან მაჟორიტარად თუ არ დაგასახელებენ გული დაგწყდებათ?
- სიმართლე გითხრათ, პოლიტიკური საქმიანობისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ.
- სიაში თუ ვერ მოხვდებით აბა რას იზამთ?
- რაღაცას ვიზამ.
- სამედიცინო საქმიანობას დაუბრუნდებით?
- არ ვიცი რას დავუბრუნდები, ყოველ შემთხვევაში, ჩემს პოლიტიკურ გუნდში დავრჩები. გუნდში ყოფნა პოლიტიკაში ყოფნას ნიშნავს. აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გავაგრძელებ.
- ნაციონალები შიდა კვლევებს ყოველკვირეულად ატარებთ. თქვენი პარტიული რეიტინგი როგორია?
- არსებობს კვლევა, რომელიც პრესტიჟულმა და გამოცდილმა ორგანიზაციამ „როზნერ გრინბერგმა“ ჩაატარა, ბოლო - მონაცემებით, ჩვენ 57% გვაქვს.
- ამ კვლევის თანახმად, ნაციონალური მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ 2- ჯერ უსწრებს. რეალური სურათი როგორია?
- ჩვენთვის ამ კვლევებში მთავარია ხალხი რა პრიორიტეტებს სახავს და რა მიზნებს უკავშირებს პოლიტიკურ პარტიებს. თუ კვლევებს ნახავთ, დასაქმებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას ხალხი სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს, უფრო მეტ ტვირთს და პასუხისმგებლობას მას ადებს. ჩვენი მთავრი ამოცანაა ამ საკითხებს ვუპასუხოთ.
- მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ამ პრობლემების გადასაწყვეტად ნაციონალურ მოძრაობას რვა წელი გქონდათ, ახლა რასაც ხალხს ჰპირდებით ამ 8 წლის განმავლობაში ხომ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ?
- მოსახლეობის ნაწილი არსებობს ვინც ამას ამბობს, მაგრამ გაცილებით დიდი ნაწილია, რომელიც ხედავს, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლება უქმად არ ყოფილა და ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ პროგრესი ყოფილიყო. დღეს დასაქმებაზე უფრო გაბედულად იმიტომ ვლაპარაკობთ და ციფრებსაც ვასახელებთ, რომ უარავი მაგალითი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტების. როდესაც ჯანდაცავზე ვსაუბრობთ მანამდე გაკეთებული გვაქვს კლინიკები, თითქმის 150-მდე სავადმყოფო, მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაზღვეულია. სოფელში ვერანაირად ვერ ილაპარაკებდი განვითარებაზე თუ სოფელში არ იქნებოდა გზა, ელქტროენერგია, გაზი, საბაზო ინფრასტრქუქტურა. ყველაფერ ამას წლები მოუნდა, რომ დღეს უფრო მაღალი დონის განვითარებაზე გვესაუბრა, ტურიზმის განვითარებაზე, დასაქმებაზე და ჯანდაცვაზე.
- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათი პროგრამიდან არის მოპარული.
- „ქართული ოცნება“ საერთოდ როგორც პარტია არ არსებობდა, როდესაც ჩვენ ამას ვსაუბრობდით.
- თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამა უკვე გამოაცხადა ჯანდაცვის და სხვა მიმართულებით?
- ჩვენ ამისკენ მთელი ამ ხნის განმავლობაში მივდიოდით. მე პირიქით მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენგან აქვთ გადმოღებული.
- თქვენგან მოიპარეს?
-ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უფრო ადრე ვლაპარაკობდით, „ქართული ოცნებისგან“ რატომ უნდა გადმოვიღთ რაიმე არ მესმის? რა, დაზღვევა გადმოვიღეთ „ქართული ოცნებისგან“? სოფლის მეურნეობის განვითარება თუ სხვა?
- თითოეული ადამიანის დაზღვევა ეს ხომ „ქართული ოცნების“ პროგრამაა?
- ძალინ დიდი ბოდიში, ამ ქვეყანაში, თუ ვინმე დაზღვევაზე მუშაობდა, ერთ-ერთი ადამიანი მეც ვარ. არქივიდან ამოვიღებ ჩემს გამოსვლებს დაზღვევასთან დაკავშირებით, რას ვამბობთ და რისკენ მივდივართ, მუდმივად გაფართოებისკენ მივდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ყველა მოქალაქე მოიცვა.
- როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი?
- ჩვენთვის რაღაც ვარაუდები გვაქვს.
- რა ვარაუდები?
- ჩვენთვის მთავარი სწორი სარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, სწორი სტარტეგიით. ბოლო შეთავაზება რაც გვაქვს ქცევის წესების და მემორანდუმი, ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებს ითვალისწინებს, იმისათვის რომ ამ არჩევნებით ქვეყანამ მოიგოს.
- უმრავლესობით მოხვალთ პარლამენტში?
- ისეთი პარტიები გეგმევენ უმრავლესობით მოსვლას, რომ... ჩვენ ვგეგმავთ იმას, რომ წარმატება გვექნება. ეს პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველზე და მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
- „ქართული ოცნების“ შანსს როგორ აფასებთ?
- „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მოხვედრის შანსი ექნება.
- ეგ ბუნებრივია, მაგრამ თქვენი აზრით, რა რაოდენობით მოვა?
- ამაზე ზოგიერთივით სპეკულაციებს ვერ დავიწყებ.
- რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში?
- დღეს არსებული კვლევების თანახმად, შანსი 3 პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს.
- "ნაციონალურ მოძრაობას", „ქართულ ოცნებას და ქრისტიან-დემოკრატებს?
- თუ კვლევის შედეგებს ავიღებთ, ნაციონალურ მოძრაობას გაცილებით მეტი ადგილი ექნება ვიდრე „ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას მეტი ადგილი ექნება ვიდრე ქრისტიან-დემოკრატებს. ჯერჯერობით, ეს ჩანს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ არის მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
- რომელიც საკმაოდ დიდია?
- რომელიც საკმაოდ მაღალია. სწორედ ეს არის კიდევ შანსი პარტიებისთვის.
- შესაძლოა, რომ მეოთხე პარტიაც ვიხილოთ პარლამენტში?
- თეორიულად ალბათ შესაძლებელია, რომ ვინმემ გარკვეული პროცენტები დაიმატოს სწორი საარჩევნო კამპანიის პირობებში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გადაწყვეტილებას საკმაოდ გვიან იღებს. თეორიულად შესაძლებელია, რომ რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება კიდევ დაემატოს ამ სამ გაერთიანებას. ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით, 3 პოლიტიკური ძალას აქვს შანსი.