რუსთავში

რუსთავში "ქართული ოცნების" ლიდერების მოსახლეობასთან შეხვედრას ინციდენტი მოყვა

რუსთავში "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრას მორიგი ინციდენტი მოყვა.

შეხვედრისას სოზარ სუბარისა და ზვიად ძიძიგურის გაღიზიანება ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მიერ დასმულმა კითხვამ გამოიწვია, რომელიც ძიძიგურის მაჟორიტარ დეპუტატად რუსთავში წარდგენას უკავშირდებოდა.

კერძოდ, ახალგაზრდამ ზვიად ძიძიგურს ჰკითხა - რატომ იყრის რუსთავში კენჭს, როცა რუსთაველი არ არის. "ქართული ოცნების" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა კი ახალგაზრდა მამაკაცი ხმამაღალი შეძახილებით აიძულეს, შეხვედრა დაეტოვებინა. დღევანდელი ინციდენტი ამით ამოიწურა.

რაც შეეხება თვითონ შეხვედრის თემას, კოალიციის ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა ადგილობრივ მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

„რუსთავში ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური გაჭირვებაა. "ქართული ოცნება" უმუშევრობის პრობლემას ადგილობრივი მრეწველობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით მოაგვარებს“, - აღნიშნა ძიძიგურმა.