ირაკლი კაკაბაძე
დღეს საქართველოში ხშირად საუბრობენ იმ კვლევებზე, რომლებსაც NDI და IRI აქვეყნებენ. ცნობილია, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკის მთავრობის დაფინანსებაზეა და ძირითადად, ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებას იღებს.
სწორედ ამიტომ, სააკაშვილის ადმინისტრაციის წევრები ხშირად ამბობენ, რომ მათი მეთოდოლოგიის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება და გამორიცხულია მათზე ვინმემ გავლენა მოახდინოს. ეს ნაწილობრივ მართალია. თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან, რომელთა მოპოვებაც სავსებით ოფიციალურად შეიძლება ამერიკაში ინფორმაციის თავისუფლების აქტით.
გასულ წელს სააკაშვილის მთავრობის მიერ აყვანილი ლობისტების სია ასეთი იყო:
Podesta Group, Inc.; Orion Strategies LLC; Maniatis, Gregory A.; Daniel Kunin;Gephart Group Government Affairs; Glover park group;
თითოუელი ჯგუფი ოფიციალურად მაინც სააკაშვილისგან და ქართველი გადამხდელისგან ნახევარ მილიონ დოლარს მაინც იღებს წელიწადში.
ამ ინფორმაციის მოპოვება აბსოლუტურად ღიად შეიძლება და ყველას შეუძლია Foreign Agent Registration Act-ის მიხედვით. ახლა განვიხილოთ, ვინ არიან ეს ჯგუფები.
დავიწყებ მიშა სააკაშვილის საყვარელი ამერიკელი რესპუბლიკური პარტიით. OrionStrategies LLC და Glover park group-ი რესპუბლიკური პარტიის ლობისტური ორგანიზაციებია, რომლებიც ძალიან ახლო ურთიერთობაშია სენატორ მაკკეინის ყოფილ ასისტენტთან და მის ერთ-ერთ უახლოეს მეგობართან, რენდი შვინემანთან. შვინემანი სააკაშვილს უკვე დიდი ხანია ლობირებს. ცნობილია, რომ სენატორი მაკკეინი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში IRI-ს ყველაზე გავლენიანი წევრია. იგი ამ ორგანიზაციას ადრე თავმჯდომარეობდა კიდეც. შვინემანი ნეოკონსერვატიული ისტაბლიშმენტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია, რომელიც, დიდი შანსია, მიტ რომნის გარემოცვაშიც ვიხილოთ. ეს ადამიანები დიდი ხანია რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს აყალიბებენ.
სააკაშვილი საკმაოდ გაქნილი პოლიტიკოსია და სულაც არ არის გიჟი. ის უკვე დიდი ხანია ფულს უხდის შვინემანს და ამით რესპულიკური პარტიის ისტაბლიშმენტზე გავლენას ინარჩუნებს. ეს გავლენა მას ძალიან გამოადგა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და ახლაც კარგად იყენებს. 2011 წლის 5 ოქტომბერს, ინტერნეტ ჟურნალ Salon-ში გამოქვეყნებულ ამ წერილში კარგად ჩანს, თუ როგორ მოახერხეს მიშა სააკაშვილის რესპუბლიკელმა ლობისტებმა დეზინფორმაციული ინფორმაციის გაშვება თბილისში მომხდარი აფეთქებების შესახებ.
http://www.salon.com/2011/10/05/neoconservatives_hype_a_new_cold_war/singleton/
იმის თქმა, რომ NDI და IRI საკუთარი პარტიების ისტაბლიშმენტის აზროვნებისგან მთლიანად დამოუკიდებელნი არიან, არ არის მართებული. ორივე პარტიული NGO-ა და მათი პოლიტიკაც საკუთარი პარტიის პოზიციით არის განპირობებული. ცხადია, თბილისის ოფისებს პატარა დამოუკიდებლობა აქვთ საკადრო თუ სხვა ტაქტიკურ საკითხებში, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში ისინი საკუთარი პარტიების პოლიტიკას ატარებენ. "რესპუბლიკელების" შემთხვევაში ის უფრო მილიტარისტულ პოლიტიკას გულისხმობს და დემოკრატების შემთხვევაში, უფრო დიპლომატიას და ლიბერალურ მეთოდებს. თუმცა, ამერიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხში, მათ დაახლოებით ერთნაირი პოზიციები აქვთ.
სააკაშვილმა დემოკრატებთან მიმართებაშიაც საკმაოდ ჭკვიანური პოლიტიკა აირჩია. ჯერ კიდევ 2004 წლიდან მან ხელფასზე დასვა ბატონი დენიელ კუნინი, რომელსაც ბევრი ჩვენთაგანი კარგად იცნობს. დენიელ კუნინი NDI-ს თბილისის ოფისის ერთ-ერთი პირველი დირექტორი იყო. ის ვერმონტის შტატის დემოკრატიული პარტიის გუბერნატორის, მედლინ კუნინის ვაჟიშვილია. მედლინ კუნინი ბილ კლინტონის ელჩი გახლდათ შვეიცარიაში და კლინტონების ოჯახის ახლობელია. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, დენ კუნინს არა მხოლოდ NDI-ში, არამედ მთელ დემოკრატიულ პარტიაშიც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. სწორედ მისი საშუალებით დაუახლოვდა სააკაშვილი აწ გარდაცვლილ რიჩარდ ჰოლბრუკს და კლინტონის ადმინისტრაციის ბობოლებს. ჰილარი კლინტონთან სააკაშვილის კარგი ურთიერთობების ახსნისას დენ კუნინის ფაქტორი არ უნდა დაგვავიწყდეს. როდესაც მიშა სააკაშვილი აგვისტოს ომის წაგების და ობამას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ძალიან ცუდ მდგომარებაში აღმოჩნდა, კუნინი მას დაეხმარა, რამდენიმე ძალიან გავლენიანი დემოკრატიული ლობისტური ჯგუფი აეყვანა.
Podesta Group, Inc. ბილ კლინტონის ყოფილი კანცელარიის უფროსის, ჯონ პოდესტას ახლო ნათესავის, ტონი პოდესტას კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფია ვაშინგტონის დემოკრატებს შორის. ჯონ პოდესტას არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს ვაშინგტონში დემოკრატების ბევრ პრიორიტეტს განსაზღვრავს. ცხადია, NDI-ც ვერ იქნება მისი გავლენის სფეროს გარეთ.
Gephart Group Government Affairs წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, რიჩარდ გეპჰარტის ლობისტური კომპანიაა, რომელსაც აგრეთვე დიდი გავლენა აქვს ვაშინგტონში და საგარეო პოლიტიკურ წრეებში. გეპჰარტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ყოველ წელს ბლოკავს სომხეთის გენოციდის აღიარებას - ის თურქეთის მთავრობაზეც მუშაობს და მას ასეთი ძლიერი სომხეთის ლობიც კი ვერ ამარცხებს. გეპჰარტს დღესაც დიდი გავლენა აქვს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმულირებაზე - ის დემოკრატიულ პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლობისტია, რომელიც ჩრდილში კი დგას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მთელი ქვეყნების დამარცხება შეუძლია.
ასე რომ, დენ კუნინის საშუალებით სააკაშვილი უკვე რამდენიმე წელიწადია NDI-ს ამერიკელ ბოსებზეც ახდებს გავლენას. ცხადია, ეს პირდაპირი მოქრთამვის მეთოდით არ ხდება - აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები პირდაპირ ფულს ვერ იღებენ. ფულს იღებენ ლობისტური კომპანიები, შემდეგ ისინი ამა თუ იმ პოლიტიკოსის საარჩევნო ყულაბაში დებენ ამ ფულს და სანაცვლოდ სთხოვენ, გარკვეული განცხადება გააკეთონ ან რეზოლუცია დააყენონ კონგრესში. ნეოლიბერალიზმის პირობებში ასეთი აღებ-მიცემობის სისტემაა.
გასული წლის ბოლომდე ქართული ოპოზიცია სააკაშვილთან შედარებით ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევდა. ახლაც ივანიშვილის ლობისტურ ჯგუფებს ბევრი ნაკლოვანება აქვთ და ისე გამართულად ვერ მუშაობენ, როგორც მიშას კარგად გაზეთილი მანქანა. ამიტომაც, ადვილია ახსნა NDI-სა და IRI-ს მიერ დაქირავებული ქართული კომპანიები რატომაა სააკაშვილთან ახლოს მდგომი პოლიტიკური შეხედულებებისა. ისიც ადვილი ასახსნელია, რომ როგორც კი ივანიშვილმა ოქსფროდის უნივერსიტეტის ჯგუფი დაპატიჟა, მაშინვე რადიკალურად განსხვავებული სურათი მიიღო.
რადგან NDI-ზე და IRI-ზე სააკაშვილის ლობისტების გავლენა ძალიან დიდია - ზოგიერთი მათგანი პირდაპირი მნიშვნელობით იყო ამ ორგანიზაციების ლიდერი, მათი კვლევები აბსოლუტურად ობიექტურად ვერ ჩაითვლება.
გამოსავალი ისაა, რომ ეგზიტ-პოლები მაინც ჩაატაროს ისეთმა ორგანიზაციებმა, სადაც არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის და არც ერთი სხვა პარტიის ლობისტები არ მუშაობენ. მხოლოდ მათი კვლევა შეიძლება იყოს სანდო.