„ნაციონალური მოძრაობის“ საპროგრამო დოკუმენტი „ხელშეკრულება საქართველოსთან“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ უკვე ხელმოწერილია. დოკუმენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. From.ge დოკუმენტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოს ხალხთან ერთად დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი, შენდება ახალი საქართველო. მაგრამ ბევრ ოჯახს ჯერ კიდევ უჭირს, ბევრია უმუშევარი. ქვეყნის წინსვლითა და წარმატებით მეტი სიკეთე უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება – მეტი სარგებელი ხალხს!
მიზნის მისაღწევად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხელშეკრულებით დებს პირობას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში: განახევრდება უმუშევრობა - აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო; დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი; სამუშაოს ყველა მაძიებელს ექნება სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება, მათ შორის, ახალ ტექნიკურ სასწავლებელსა და გადამზადების ცენტრებში;
ჯანდაცვის დაზღვევა ექნება ყველას - სოციალურად დაუცველთათვის, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, დევნილებისთვის, პოლიციელებისთვის და ჯარისკაცებისთვის იქნება შესაბამისი კატეგორიის დაზღვევა, ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის იქნება დაზღვევის საბაზისო პაკეტი, ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
გაორმაგდება სოფლის მეურნეობა - ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა, გაიხსნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო, მოირწყვება დამატებით 90,000 ჰექტარი მიწა, სოფელი მიიღებს 2000 ერთეულ ახალ ტრაქტორს, მოხდება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია. სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% იქნება დამუშავებული. ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიანი ვაუჩერს - ოჯახები თავად გადაწყვიტენ, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვაროს, ამ ვაუჩერით შესაძლებელია: დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯების დაფარვა, მედიკამენტების და სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება, საწვავისა და სასუქის ხარჯის გასტუმრება.
ამ ხელშეკრულებით „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს - დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და სოფლის მეურნეობის განვითარებით მივაღწევთ საერთო მიზანს - მეტი სარგებელი ხალხს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.