არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების ინფორმაციით, რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მელორ ვაჩნაძეს ჯანმრთელობა შეერყა და რამდენიმე დაავადება განუვითარდა. შესაბამისად, ისინი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს 2009 წლის ზაფხულში დაკავებული მელორ ვაჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას თხოვენ და საგანგებო მიმართვას უგზავნიან.
როგორც ორგანიზაცია „არა“-ს წარმომადგენლები აცხადებენ, იგი რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზებით სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს , თუმცა მკურნალობის კურსი არასოდეს ჩატარებია.
„2011 წლის 17–22 ნოემბრის გამოკვლევებით მელორ ვაჩნაძის სისხლის მოწამვლა დაუდგინდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ვაჩნაძის განმარტებით სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, კანქვეშ, აღენიშნება ადამიანის ხელის გულის სიდიდის სისხლგროვები. ზოგიერთ მომცრო ზომის სისხლგროვას ეტყობა დაჩირქების კვალი; კაპილარული ნახეთქები; ტკივილები წელის არეში - სხვადასხვა დროს წელზე მიღებული აქვს მძიმე ტრავმები, მათ შორის გლდანის მე-8 იზოლატორში ციხის თანამშრომლების მიერ ცემის შედეგად; უჭირს მოხრა და დაწოლა; აწუხებს კუჭის წყლული; თავბრუს ხვევა; დღის გარკვეულ პერიოდებში, მცირე დროით მხედველობის დაქვეითება; მას ასევე ქვედა კიდურის მოტეხილობა აქვს - ტრავმა კალათბურთის თამაშისას მიიღო. ამჟამად უჭირს გადაადგილება. დღის უდიდეს ნაწილს მწოლიარე მდგომარეობაში ატარებს, რის შემდეგაც უჩნდება ე.წ წოლითი იარები, სისხლჩაქცევები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იგი სამჯერ ჰყავდათ გადაყვანილი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ მისთვის. ყველა გადაყვანისას მას განმარტოვებით კეტავდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ისევ უკან მე–17 საპყრობილეში აბრუნებდნენ“, - ნათქვამია არასამთავრობოების მიმართვაში, რომლებიც აქვე აღნიშნავენ, რომ ავადმყოფი პატიმრის უყურადღებოდ დატოვება წამებასთან გაიგივებული მოპყრობაა.
მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მელორ ვაჩნაძის სეფსისის ცენტრში გადაყვანას, მისთვის სრული გამოკვლევის ჩატარებას და მკურნალობის კურსის დანიშვნას მოითხოვენ.
„ეს ყოველივე კი უნდა განხორციელდეს ადვოკატის მეთვალყურეობით, რადგან, არც მსჯავრდებული, მისი ოჯახის წევრები და არც არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები არ ვართ დარწმუნებულნი, რომ მას ისევ ოთახში არ გამოკეტავენ და გამოკვლევების ჩატარების გარეშე არ დააბრუნებენ საპყრობილეში. მსგავსი ქმედება კი, შესაძლოა, ლეტალური შედეგის გამომწვევი აღმოჩნდეს. პატიმართა სიკვდილიანობამ მკვეთრად იმატა სასჯელაღსრულების სისტემაში. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი გარდაცვლილი პატიმარი მელორ ვაჩნაძე არ აღმოჩნდება“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ლევან ჩიტაძე, ნანა კაკაბაძე, უჩა ნანუაშვილი, კახა კუკავა, ნინო ბოლქვაძე, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე.