„ქართული ოცნების“ კახეთის საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი, გელა ხვედელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც კახეთის შტაბის უფროსად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თეიმურაზ გოდერძიშვილის დანიშვნას უკავშირდება არ ადასტურებს.
როგორც ხვედელიძემ From.ge - სთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ასეთი ფაქტი არანაირად არ მომხდარა და როგორც ჩანს არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული“, - აცხადებს ხვედელიძე.
გოდერძიშვილმა კი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი გუშინ გადაწყდა და ისიც აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
„გოდერძიშვილს არ ვიცნობ, არ ვიცი საერთოდ ვინ არის და რას ადასტურებს. საიდან გააკეთა ასეთი კომენტარი წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა ხვედელიძემ.
მისივე თქმით, ახმეტის შტაბის უფროსის თანამდებობაზე ისევ ზაქარია ქინქლაძეა და ის თანამდებობიდან მისი პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად არ გაუთავისუფლებიათ.
ცნობისთვის, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსი ზაქარია ქინქლაძე, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შტაბის უფროსად კი თეიმურაზ გოდერძიშვილი დაინიშნა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.