პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ასეთი სიყალბის კოეფიციენტი, როდესაც დაუფარავი დესპოტიზმი და დემოკრატია ერთად შეიძლება წარმოვიდგინოთ, ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა.
„არსებული სიტუაცია შეუდარებელია საქართველოში, ასეთი სიყალბის კოეფიციენტი, რაც დღეს საქართველოშია, ვგულისხმობ ხელისუფლების პირდაპირობას, შესაძლებელია იგი უფრო მკაცრი იყო წინასაუკუნეებში, მაგრამ ასეთი შაბაში საქართველოში არ ყოფილა-როდესაც დაუფარავი დესპოტიზმი და დემოკრატია ერთად წარმოვიდგინოთ. ეს არის ჩვენი რეალობა. ამის თავი და თავი გახლავთ ის პირობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ სექტემბერში პარლამენტში დადო. როდესაც მან ერთ წინადადებაში განაცხადა, რომ ის იქნება საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გარანტი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელისუფლებაში დარჩეს“,-აცხადებს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკავების შესაძლებლობას, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
„ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, როცა საქმე მის უშიშროებას შეეხება. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი ხელისუფლების ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ისტერიული შიშის ქვეშ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მართვა, ძალიან რთულია“,-აცხადებს ცისკარიშვილი.