თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 პირი, რომლებმაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელეს, გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.
დაჯარიმებულს შორის არიან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი რომან კუსიანი და „ეროვნული ფორუმის“ წევრი თეიმურაზ ხარაიშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის რომან კუსიანის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებული 30 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით – 150 ათასი ლარით დაჯარიმდა. ის დაკისრებულ ჯარიმას უკანონოს უწოდებს.
„მაქვს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლევან ბეჟაშვილმა „ნაციონალური მოძრაობას“ 500 ათასი ლარი გადაურიცხა, მაგრამ თავად ამ გადარიცხვებში არ ფიგურირებს. ჩვენ თუ ვისჯებით შემოწირულობისთვის, რატომ არ ისჯება ლევან ბეჟაშვილი?!“, - განაცხადა კუსიანმა.
სასამართლომ 6 პირი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე დააჯარიმა.