კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას საჩივარს სააპელაციო სასამართლო 4 სექტემბერს განიხილავს.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის დასრულების შემდეგ კაჭახიძის ადვოკატმა, ლადო მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს კავშირი არა აქვს სისხლის სამართალთან, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვასთან, რადგან კანონის შესაბამისი განმარტება მხოლოდ თანხის წარმომავლობის საკითხების შესწავლას გულისხმობს.
გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურორმა სასამართლოზე მყარი არგუმენტები ვერ წარადგინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსამართლემ "ქართული ოცნების" წევრებს პატიმრობა მაინც შეუფარდა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა შეესწავლა ამ თანხების წარმომავლობის საკითხი და შემდეგ, პარტიების ანგარიშებზე მისი გადარიცხვის წესი. აქ არ შეინიშნება სისხლის სამართლის მოცემულობის ნიშნები. სასამართლო სხდომაზე ამ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება, თუმცა, მოსამართლემ პასუხი არ გაგვცა და პროკურორის შუამდგომლობებს ბრმად მიენდო“ - განაცხადა მაჭარაშვილმა
დაცვის მხარემ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კაჭახიძის, ქარდავასა და შეყლაშვილის გათავისუფლება გამოძიებას ხელს შეუშლიდა.
კაჭახიძის შვილის, ასევე „ქართული ოცნების“ წევრის, დავით კაჭახიძის შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნაა და აღნიშნა, რომ საქმე აუცილებლად ევროპულ სასამართლოში წარიმართება.
„ჩვენი არც ერთი არგუმენტი არ მიიღო სასამართლომ, ის დაკავებული იყო პროკურორის არგუმენტების განმტკიცებით და მათი შევსებით. არ ვაპირებთ ამ საქმის მიტოვებას. ვგეგმავთ, რომ ევროსასამართლოს გზით და ევროპული ინსტიტუტების ჩართულობით დავადგინოთ სიმართლე - ეს არის პოლიტიკური ხაისიათის დევნა“-განაცხადა დავით კაჭახიძემ.
კაჭახიძეს, შეყლაშვილსა და ქარდავას სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი სამართალდამცავებმა 16 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წარედგინათ.