საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ირაკლი კვაშილავას განცხადებით, რეგიონებში დავალიანების მქონე ყველა აბონენტს გადასახადი გაუნახევრდება და აღნიშნა, რომ წამახალისებელი აქცია - „გადაიხადე მხოლოდ 50%“, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„აქციის ფარგლებში აბონენტებმა რეგიონებში არსებულ სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ და მათზე რიცხული დავალიანება დააზუსტონ. ამის შემდეგ დაზუსტებული დავალიანების აქტს კომპანიის წყალმომარაგების აგენტი აბონენტს სახლში მიუტანს“,- განაცხადა კვაშილავამ და დასძინა, რომ ჯამში არსებული დავალიანების მოცულობა დაახლოებით, 5-6 მლნ ლარს შეადგენს.
კომპანიის დირექტორმა გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით, ოც ქალაქში კომპანიის მომსახურების სერვის-ცენტრები გაიხსნება. კვაშილავას თქმით, კომპანია წყალმომარაგების სამუშაოებს რეგიონებში აქტიურად ახორციელებს.
„უკვე დასრულებულია სამუშაოები ბორჯომსა და სიღნაღში. სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულების სტადიაზეა ანაკლიაში, მესტიასა და წყალტუბოში. ასევე იწყება ურეკის წყალმომარაგების პროექტიც“, - განაცხადა კვაშილავამ.