თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დაკავებულ წევრებს - მერაბ კაჭახიძეს, ტარიელ ქარდავასა და თეიმურაზ შეყლაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაპატიმრებულებს ბრალად თვალთმაქცური გარიგების განხორციელება ედებათ. სამართალდამცავებმა ისინი გუშინ დააკავეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა; აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს.
ამასთან უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იგივე სქემა გამოიყენა „ქართული ოცნებაში“ შემავალმა „ეროვნულმა ფორუმმა“.