პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს გია ცაგარეიშვილს არ გაუკვირდება თუ ერთ დღეს საკუთარ კაბინეტში შესულს სკამი აღარ დახვდება.
„ვისურვებდი, პარლამენტის დაცლის დროს ავეჯს “ნაციონალური მოძრაობის” სულიც გაჰყვეს. იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სამშობლოს ყიდის, პარლამენტის ძველი შენობის გაყიდვა გასაკვირი არ იქნება“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნული კომენტარი დეპუტატმა პარლამენტის შენობის ნაწილის დაცლასთან დაკავშირებით გააკეთა. პარლამენტის შენობის “ც” კორპუსის დაცლა უკვე დაიწყო.
“კიდევ კარგი პარლამენტის შენობა არ ააფეთქეს ქუთაისის მემორიალის მსგავსად. ვისურვებდი, რომ იმ ავეჯს, რომელსაც აქედან გაიტანენ “ნაციონალური მოძრაობის” სულიც თან გაჰყვეს, რომელიც აქ 8 წელი იყო დასადგურებული”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მანვე ქუთაისში ნაციონალების გადასვალზეც ისაუბრა და ასეთი შეკითხვა დასვა: „რატომ უნდა მოიწამლონ ქუთაისელები ზოგიერთების ყურებით? „იმერეთს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს და კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდებათ, მათ ყოველ დილით მოუწევთ ქუთაისის ქუჩებში ბატონ გაბაშვილს, ბატონ წიკლაურს და სხვა დეპუტატებს უნდა უყურონ”, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.