ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის განსასაზღვრად რეფერენდუმი ჩატარდეს

ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის განსასაზღვრად რეფერენდუმი ჩატარდეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ”   რეფერენდუმი ჩატაროს და პარლამენტის ადგილსამყოფელად ისევ თბილისი განსაზღვროს.

„პარლამენტი საქართველოს დედაქალაქში უნდა იყოს, ეს არის ჩემი მოსაზრება, რომელსაც მუდმივად ვაფიქსირებ. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება დედაქალაქში უნდა იყოს, ქუთაისს უნდა მივხედოთ და „ქართულ ოცნებას“ აქვს ქუთაისის აღორძინების ხედვა, რომელსაც უსწრაფესად განვახორციელებთ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.    

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ქუთაისელებს დასაქმება და პრობლემების მოგვარება სჭირდება და არა მოლაყბე პოლიტიკანებით გავსება, რომლისგან სარგებელს ვერავინ მიიღებს.

„მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანა დანგრეული დაგვრჩება. ჩვენ ამ სიძნელეების არ გვეშინია და ყველაფერს აღვადგენთ“, - აღნიშნა გიორგი  ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანა და თუნდაც უკეთესი შენობის აშენება, როგორიც თბილისს ეკადრება, არავითარ  პრობლემას არ წარმოადგენს.

„ჩვენ ხალხს უნდა ვკითხოთ და მათ უნდა გადაწყვიტონ სად უნდა იყოს პარლამენტი, სად უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტის რეზიდენცია. ეს არის მთელი ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტი. სულ მცირე ეს არის სარეფერენდუმო საკითხი. თუ მოსახლეობა იტყვის, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში უნდა იყოს, მაშინ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს, თუ ხალხი მიიჩნევს, რომ თბილისში უნდა იყოს, მაშინ თბილისში უნდა დაბრუნდეს. ჩვენ ასე ვაპირებთ ხალხთან ურთიერთობას და არა მემორიალების აფეთქებით“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.