ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური ანტენების მორიგი პარტია გუშინ საღამოს დააყადაღეს. ამის შესახებ "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა, ბაჩო კიკაბიძემ From.ge სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინიდან შემოსული საქონელი ეკონომიკური გაფორმების ზონაში დააყადაღეს.
„დაყადაღების მორიგი ტალღა შესაბამისი უწყებების ძველი განჩინების საფუძველზე მოხდა. დაახლოებით 8 ათასი თეფშია დაყადაღებული, რომლითაც კომპანიას დაახლოებით 150 ლარის ოდენობის ზარალია მიადგა“, - განაცხადა კიკაბიძემ.
ოფიციალურ უწყებებს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ცნობისთვის, „მაესტროს“ ანტენების პირველი პარტია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 11 ივლისს დააყადაღეს.
შეგახსნებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ იწყებდა პრომო აქციას სახელწოდებით „მაესტრო ყველა ოჯახში“. როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, აქციის ფარგლებში იგეგმებოდა სატელიტური თეფშების დარიგება რეგიონების მოსახლეობისთვის, რათა „მაესტროს“ პროდუქცია რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვს გახდარიყო.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ.
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ღონისძიებები მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.