თბილისის მიკროავტობუსის მძღოლებს კონდინციონერის ჩაურთველობის გამო 10 დღით მუშაობის უფლება წაერთვათ. ამის შესახებ „თბილისის მიკროავტბუსის“ მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება სპეციალური მონიტორინგის შემდეგ მიიღეს. მათი თქმით ეს მონიტორინგი 1 ივლისიდან, მგზავრთა კომფორტულად გადაადგილების მიზნით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოწმდებოდა ქალაქში არსებული თითოეული სამარშრუტო ტაქსი.
კომპანიის განცხადების თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები, კომპანიის გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად არ რთავენ კონდიცირების სისტემას, რაც მგზავრების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.
„კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად აკონტროლებდა მანქანებში კონდიცირების სისტემის გამართულად მუშაობას. გარკვეულ ხაზებზე აღმოჩენილი იქნა დარღვევები და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ის მძღოლი (ამ ეტაპზე ასეთი არის 42 მძღოლი), რომელიც არ ემორჩილება შინაგანაწესს და არღვევს კომპანიის მოთხოვნას, 10 დღის განმავლობაში აღარ იმუშავებს ყვითელ მიკროავტობუსზე. ხოლო თუ შემდეგ კვლავ განმეორდება მსგავსი სახის დარღვევა, კომპანიის მიერ გაგრძელდება სხვა და სახვა სახის სანქციები, მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა და ა.შ.“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს "თბილისის მიკროავრობუსის" ხელმძღვანელმა პირადად გააცნო მძღოლებს და თხოვნით მიმართა, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც მგზავრების კომფორტულად გადააგილებისთვის არის საჭირო.