"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ დღეს თელავში კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
გამყრელიძის განცხადებით, თელავში "მემარჯვენეების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე იქნება.
"ფიქრია კარგად იცნობს თელავს, რადგან 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც აქ იყრიდა კენჭს. მას ძალიან უყვარს თელავი და ვგრძნობ, რომ თელაველებსაც უყვართ და პატივს სცემენ ფიქრიას", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
კახეთის დანარჩენ რაიონებში დავით გამყრელიძემ "ახალი მემარჯვენეების " ადგილობრივი პარტიული ლიდერები წარადგინა.
გურჯაანში "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი იმერლიშვილი იქნება, რომელიც პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ყვარელში დავით გამყრელიძემ ყვარლის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, "ახალი მემარჯვენეების" ყვარლის ორგანიზაციის თავმჯდომარის ნუგზარ ღონიაშვილის კანდიდატურა წარადგინა. დედოფლისწყაროს რაიონში კი "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი სოსო ბეჟანიშვილი იქნება.
ლაგოდეხში მემარჯვენეებს ზურაბ ჯაფარიძე წარმოადგენს, სიღნაღში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ ხუციშვილი, რაც შეეხება ახმეტას და საგარეჯოს, აქ მემარჯვენეებს ზურაბ არაბული და დავით მაისურაძე წარმოადგენენ.