ალიანსი „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ გმობს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური თეფშების დაყადაღებასა და მათ წინააღმდეგ სახელწმიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებას. მათი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ქმედებები ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას და ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლას ემსახურება.
ალიანსი „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ მაესტროს თეფშების დაყადაღებაზე სამართლებრივი დასკვნა მომაზადეს.
„ალიანსი თვლის, რომ ადგილი აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, უხეშ ჩარევას მედია-ბიზნეს სტრუქტურის საქმიანობაში, მაესტროს“ საქმიანობის ხელშეშლას, თავისუფალი ეკონომიკური აქტივობის ხელშეშლას, თავისუფალი ეკონომიკური აქტივობის ხელყოფას.
From.ge ალიანსის მიერ მომზადებულ დასკვნას სრულად გთავაზობთ.
2012 წლის 11 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და შ.პ.ს “მაესტროს” მიერ შემოტანილი სატელიტური ანტენების დაყადაღება მოითხოვა. 11 ივლისს, ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. პროკურატურამ განმარტა, რომ შ.პ.ს “მაესტრომ” პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების – შ.პ.ს “ელიტა ბურჯის” წარმომადგენელთა მითითებით თვალთმაქცური გარიგების გზით, საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო უსასყიდლოდ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლზე დაყრდნობით. თუმცა “ელიტა ბურჯის” მითითების დამამტკიცებელი არანაირი საბუთი წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება “საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება.”
გამოძიებამ მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე, განმარტა, რომ აღნიშნული ანტენები გამოყენებული უნდა ყოფილიყო მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად და ეს სქემა ემთხვეოდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მოქმედებას. არც პროკურატურა და არც სასამართლო უტყუარ ფაქტად არ იღებს ტელეკომპანიის გაცხადებულ მიზანს, რომელიც სატელიტური ანტენების დარიგების მიზანს ასაბუთებს. კერძოდ, კომპანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ იწყებდა პრომოქციას “მაესტრო ყველა ოჯახში”, რომლის ფარგლებშიც ღონისძიება წარმოადგენდა კომერციულ აქტს და ტელეკომპანიის ცნობადობის გაზრდას მოქალაქეებისთვის ობიექტური ინფორმაციის შეთავაზებით. 2012 წლის 3 ივლისს საზოგადოებას მიეწოდა ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებაც, რომლის თახახმად, იურისტები მუშაობდნენ ხელშეკრულების ფორმაზე თუ რა სახით მოხდებოდა სატელიტური ანტენების გადაცემა მოსახლეობისთვის. ასევე განიმარტა, რომ აქცია გათვლილი იყო ტელეკომპანიის კომერციული მოგებისთვის, ხოლო რაც შეეხებოდა სატელიტური ანტენების შესყიდვისთვის მოძიებულ თანხებს, მის დაფინასებას ახორციელებდა შ.პ.ს “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მაკა ასათიანი, დაფინანსების სისტემა კი გამჭვირვალე იქნებოდა. ტელეკომპანიამ ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილება სატელიტური ანტენების დამონტაჟების შესახებ ბიზნესმოგებაზე იყო გათვლილი და, შესაბამისად, მისი გადაცემა განხორციელდებოდა ხელშეკრულების საფუძველზე. “მაესტრომ” დაწყებული აქციის ფარგლებში, პირველი ასეთი სატელიტური ანტენა სოფელ ხანდაკში, 3 ივლისს დაამონტაჟა. ცნობისთვის, “მაესტრო” ფლობს ლიცენზიას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით თავისი სიგნალის გავრცელების თაობაზე, რის საფუძველზეც გადაწყვიტილება გაეფართოებინა აუდიტორიის არეალი, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა.
გამოძიების სასამართლოსადმი შუამდგომლობა მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძვლებს, რადგანაც შუამდგოლობამდე უნდა დადგენილიყო შემდეგი რამდენიმე ფაქტის დადასტურება. კერძოდ:
1. “ელიტ ბურჯისგან” განსხვავებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება ტელეკომპანია “მაესტროს” რომელიმე პარტიასთან დაკავშირების, ამ ორგანიზაციის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და არ მიუმართავს პროკურატურისთვის ამ საკითხის შესწავლის მიზნით. არც პროკურატურას და არც სასამართლოს საზოგადოებისთვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ “მაესტროს” მიერ სატელიტური ანტენების შეძენა და მოსახლეობისთვის მათი დამონტაჟება რამენაირად უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობას.
2. როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისა და მფლობელის განცხადებიდან ირკვევა, აღნიშნული ანტენების შესყიდვა მოხდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელის - მაკა ასათიანის მიერ, რომელსაც არ გააჩნია გაცხადებული საარჩევნო მიზნები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ უცვნია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 252 მუხლის 1 და 2 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც, დაკავშირებული პირი, მიზნად ისახავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფულადი სახსრებით დახმარებას, რაც წარმოადგენს ამ პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ ქმედებას - საქართველოს მოქალაქეთა ფულადი სახსრებით დახმარების შესახებ დაპირებას. მიზნად ისახავს ამომრჩეველთა მატერიალურ დაინტერესებას და პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობას. კანონის 252 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დისპოზიციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება არა მარტო ის პირი, რომელსაც განცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების’’ შესახებ საქართველოს ორგანული კანონით აკრძალულ ქმედებას ახორციელებს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
3. პროკურატურას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია “მაესტრომ” საარჩევნო მიზნით ვინმეს გადასცა სატელიტური ანტენა, ან მისმა რომელიმე წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი მიზნის დამადასტურებელი განცხადება, მაშინ, როცა სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის მიხედვით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება “საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს და მთავარ პროკურატურას არ გამოაქვეყნებიათ შესაბამისი მტკიცებულებები და ვიდრე არ არსებობს ადეკვატური იურიდიული განმარტებები და მტკიცებულებები ტელეკომპანია “მაესტროს" მიერ იმპორტირებული სატელიტური თეფშების დაყადაღების შესახებ, შემთხვევა უნდა შეფასდეს
დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობაში უხეშ ჩარევად
მედია-ბიზნესის საქმიანობაში ჩარევად
პლურალისტური მედიასივრცის შექმნის საწინააღმდეგო ღონისძიებად
საარჩევნო გარემოს გაუარესებად და სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარი კონკურენტული პირობების შექმნად.
საზოგადოების უფლების შეზღუდვად მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია.
განხორცციელებული ქმედებები პირდაპირ კავშირშია ინფორმაციის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ნორმების უხეშ დარღვევასთან. ირღვევა:
საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლი - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არ აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების მონოპოლიზაციის უფლება. ამ უფლებების შეზღუდვა მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებშია შესაძლებელი.
ევროკონვენციის მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლების შესახებ
გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის მე-19 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება.
სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიება არ ყოფილა გამოწვეული იმ აუცილებელი, გადაუდებელი პოზიტიური ვალდებულების შესრულებით, რომელიც გამართლებული იქნებოდა კანონში არსებული შეზღუდვების ამოქმედებით, კერძოდ, იარსებებდა ერთ-ერთი მყისიერი პირობა მაინც:
აუცილებელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
დანაშაულის თავიდან ასაცილებლად
სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად
კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად
სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამ გზით ხელისუფლება ებრძვის ინფორმაციის თავისუფლად მიღების და გავრცელების კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებას წინასაარჩევნო პერიოდში, რასაც ადასტურებს სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლში” განხორციელებული ღონისძიებები სატელიტური ანტენებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განიხილავს სასამართლო მოცემულ საკითხს მიკერძოებულად თუ მიუკერძოებლად, მიზანი მიღწეულია.
საქართველოს სიხლის სამრთლის საპროცესო კოდესის 158-ე მუხლის თანახმად: “ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე”. რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ძირითადი სურვილი კერძოდ: “პროცესუალური მოქმედებების ხარჯზე არ მოხდეს 2012 წლის არჩევნებამდე ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მოსახლეობის იმ წრეზე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების საფუძველზე მიიღოს განსხვავებული აზრის ინფორმაცია”.
ალიანსი ”ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის” გმობს ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტური თეფშების დაყადაღებას და სახელმწიფოს ხმრიდან განხორციელებულ ქმედებას ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვად და ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლად ასაბუთებს. ალიანსი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, უხეშ ჩარევას მედია–ბიზნეს სტრუქტურის საქმიანობაში, „მაესტროს“ საქმიანობის ხელშეშლას, ეკონომიკური აქტივობის უფლების ხელყოფას. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედია–გარემო გაუარესდა, ბიზნეს-გარემოში კი რელიეფურად იჩნა თავი ბიზნეს–სუბიექტების უკანონო დევნამ და საქმიანობისთვის გარემოს მნიშვნელოვანმა გაუარესებამ.
ალიანსი - “ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის”