პარლამენტის განათლების აპარატის წამყვანი სპეციალისტი, მწერალი და მთარგმნელი ქეთევან ტომარაძე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მიმართავს გაერთიანდნენ და პარლამენტის წინ სამოქალაქო პროტესტი გამოხატონ.
from.ge–სთან საუბარში ქეთევან ტომარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის აპარტის თანამშრომლებმა საერთო აზრი უნდა გამოხატონ პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან, შენობის გასხვისებასთან და 800-მდე ადამიანის უმუშევრად დატოვებასთან დაკავშირებით.
ქეთევან ტომარაძის თქმით, ეს პრობლემა მარტო 800 თანამშრომელს არ ეხება, რადგან მათ სულ მცირე სამი-ოთხი ოჯახის წევრი ჰყავთ, რომელსაც არჩენენ და გამოდის, რომ 3 ათასზე მეტ ადამიანს ულუკმაპუროდ ტოვებენ.
„ახლა მაინც გამოვიჩინოთ სამოქალაქო აქტივობა და წინ აღვუდგეთ ამ უმსგავსობას. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის აპარატის რამდენიმე თანამშრომელს, რომ პარლამენტის წინ გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია პარლამენტის შენობის აგურ-აგურ გაყიდვის გამო. თანამშრომლების ნაწილს ეშინია, რადგან 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ, აპარატის თანამშრომლებს რომლებიც მიტინგზე იმყოფებოდნენ საკუთარი ფოტოები დაუდეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს უკანონობა იყო, მაგრამ, კანონი და სამართალი ნაციონალური მოძრაობისთვის არ არსებობს. ადრე ფასადურ დემოკრატიას მაინც აშენებდნენ, ახლა კი ყველაფერი თავზე დაიმხეს“, - აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.
„პარლამენტის აპარატის არც ერთი თანამშრომელი რომელიმე პარტიის წევრი არ არის, მაგრამ მოქალაქეები ხომ არიან? ხომ შესტკივათ გული თუნდაც საკუთარ ოჯახებზე? როგორ შეიძლება გაჩუმდნენ მათთვის უმნიშვნელოვანეს დროს? - კითხულობს ქეთევან ტომარაძე.
იგი აპირებს, რომ საკუთარი პოზიცია ერთ-ერთი ტელევიზიის საშუალებით დააფიქსიროს და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მიმართოს.