საფრთხის ქვეშ დგება ქართული ოჯახის მომავალი და დემოგრაფიული ბალანსი. მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება ფასების მატება და ცხოვრების გაძვირება, რასაც დიდწილად პოლიტიკურ კორუფციასთან შეზრდილი ფარული მონოპოლიები განაპირობებს. საშიშ ზღვარზეა თანაფარდობა საგარეო ვალსა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის, რომელიც ძირითადად ინფლაციის ხარჯზე იზრდება. კერძო საკუთრების დაუცველობა და შერჩევითი სამართლის პრაქტიკა ქვეყანაში კაპიტალდაბანდების ინტერესს უკარგავს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს. სერიოზული პრობლემაა ეკონომიკისადმი ზერელე დამოკიდებულება და პროცესების მეცნიერული ანალიზის პროპაგანდით ჩანაცვლება.
ჩვენ, ახალგაზრდები,რომლებმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში მივიღეთ უმაღლესი განათლება, აღმოვჩნდით უკონკურენტო, უსამართლო და უპერსპექტივო გარემოში. ოლიგოპოლიურ ეკონომიკაში არავის სჭირდება კვალიფიციური აუდიტორის, მარკეტოლოგის და ფინანსისტის ანალიზი, იურისტისა და ადვოკატის მომსახურება, რადგან სასამართლო შეჯიბრებითობა „ზემოდან ზარმა“ ჩაანაცვლა, თავისუფალი მეწარმეობა კი– მონოპოლიების პარპაშმა. იურისტები, ეკონომისტები და ფინანსისტები, როგორც ინსტრუმენტები, ამოვარდნენ ეკონომიკური ურთიერთობიდან, რის გამოც ჩვენ ვართ, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ჩვენი მშობლების კმაყოფაზე, რაც თაობებს შორის არაჯანსაღ ურთიერთობებს ქმნის და ახალგაზრდობას ხდის ორიენტირებულს არა წარმატებაზე, ოჯახის შექმნასა და ქვეყნის მომავალზე, არამედ უსაქმურობასა და ნიჰილიზმზე. სამწუხაროდ,ხელისუფლებათა ცვლა და წინასაარჩევნო დაპირებები ვერ შველის უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდას, რომლითაც მოცულია საქართველოს ახალგაზრდობის უმრავლესობა.
ჩვენი მხრიდან პასუხი დღევანდელობის ამ გამოწვევებზე არის ახალგაზრდული ალიანსის დაფუძნება, რომელიც იმუშავებს საქართველოში ახალგაზრდების მიერ გარემოში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, ეკონომიკური სამართლიანობის დამამკვიდრებელი ეკონომიკური მოდელის შესამუშავებლად, ბიზნესის გასათავისუფლებლად და დასაქმებისათვის აუცილებელი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, პარტიათა დაპირებებისა და ეკონომიკური დოქტრინების შესაფასებლად, ქართული ბიზნესის დასაცავად და დემოკრატიული ინსტიტუტების ასამოქმედებლად და გასაძლიერებლად.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს მდგრადი და ინოვაციური განვითარების ეკონომიკური მოდელის შექმნას და მასში ახალგაზრდების ადგილის განსაზღვრას. ამ მიზნით, ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ავტორიტეტულ ეკონომიკურ ინსტიტუტებთან და ჯგუფებთან. რომელთაც წარმატებული ეკონომიკური მოდელის არაერთ ქვეყანაში დანერგვის გამოცდილება გააჩნიათ. უნდა შემუშავდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამოსავალი კონცეფცია, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თვისობრივ ანალიზს, დაადგენს ქვეყნის შესაძლებლობებს, მის უმნიშვნელოვანეს პრობლემებსა და საფრთხეებს, მათი გადაწყვეტის გზებსა და ღონისძიებებს.
ამის საფუძველზე უნდა შედგეს პროგნოზი და შემუშავდეს მიზნობრივი პროგრამები ცალკეული უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ორიენტირებულია კონკრეტულ ადამიანზე, ოჯახზე, მათ გამდიდრებასა და გაძლიერებაზე; ახალგაზრდობის ხარისხიან განათლებასა და დასაქმებაზე; ქართულ სოფლის მოდერნიზაციის საკითხებზე; დოვლათის შემქნელი და დამგროვებელი ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ქვეყნის სიმდიდრეთა სამართლიანი გადანაწილების მექანიზმების ჩამოყალიბებაზე; საზოგადოების ორიენტირებაზე ცოდნაზე, ცოდნის ეკონომიკაზე.
ყოველივე ამას კი სჭირდება ნამდვილი დემოკრატიული ინსტიტუტები და გარემო, ლიბერალური ეკონომიკა, ეკონომიკური სამართლიანობა და ბიზნესის თავისუფლება, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდობას ღირსეული ადგილი დავიკავოთ საზოგადოებაში და გავხდეთ წარმატებული ქვეყნის წარმატებული მომავალი და არა უცხოეთში გადასახვეწად გამზადებული და ემიგრაციის მომლოდინე, უპერსპექტივო თაობა.
გვჯერა რა, საქართველოს დემოკრატიული მომავლის, მოვუწოდებთ სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონკურენტუნარიანი, მდგრადი, მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და ამ ეკონომიკის განმკარგავი მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდობის ჩამოყალიბებაში.
ალიანსის დანფუძნებლები:
„ახალგაზრდა ფინანსისთტა და ბიზნესმენთა ასოციაცია“
„ახალგაზრდა ადვოკატები“