ვლადიმერ ჩირკინი: რუსეთის  მთავარ ამოცანას აფხაზეთში დივერსიებისა და პროვოკაციების აცილება წარმოადგენს

ვლადიმერ ჩირკინი: რუსეთის მთავარ ამოცანას აფხაზეთში დივერსიებისა და პროვოკაციების აცილება წარმოადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩირკინის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს  და აცხადებს, რომ იგი საქართველოს საზღვრის დარღვევით შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე რუსეთი ცდილობს იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას.

"რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას უახლესი სამხედრო ტექნიკით, მათ შორის შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებას და დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების ფორმირებას. ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული 2008 წლის სცენარით მიმდინარე გამუდმებული სამხედრო წვრთნები როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე და 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო სწავლებები "კავკასია - 2012", რითაც რუსეთი უშუალო სამხედრო საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის მხარის განცხადებით კი, ვლადიმერ ჩირკინი აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს მერაბ ქიშმარიას შეხვდა, რომელთაც აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული  რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის გადაიარაღების საკითხი განიხილეს. გენერალმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ“ რუსეთის  მთავარ ამოცანას აფხაზეთში დივერსიებისა და პროვოკაციების აცილება წარმოადგენს, განსაკუთრებით სოჭის ოლიმპიადის წინ“,-აღნიშნა ჩირკინმა.