საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ჩირკინი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად გენერალ-პოლკოვნიკი 11 და 13 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ჩავიდა. სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი კავკასიის სახელმწიფოებისათვის, კავკასიის ხალხებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის განსჯის საგანი უნდა გახდეს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 11 და 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სადაც "ინსპექტირების“ მიზნით მოინახულა რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. ბაზები და შეხვედრები გამართა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან.
რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას უახლესი სამხედრო ტექნიკით, მათ შორის შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებას და დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების ფორმირებას. ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული 2008 წლის სცენარით მიმდინარე გამუდმებული სამხედრო წვრთნები როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე და 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო სწავლებები "კავკასია - 2012", რითაც რუსეთი უშუალო სამხედრო საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში.
სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთის ფედერაციის სათავეში მყოფ რეჟიმს არაფერი აქვს შესათავაზებელი კავკასიისათვის, გარდა კრიმინალურ-მაფიოზური მმართველობისა და მილიტარიზაციისა. ეს რეალობა სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს კავკასიის სახელმწიფოებისათვის, კავკასიის ხალხებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.