სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს კოალიცია "ქართული ოცნების" სამი აქტივისტი - "კონსერვატიული პარტიის" აღმასრულებელი მდივანი მერაბ კაჭახიძე და "ეროვნული ფორუმის" გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა დააკავეს.
"ეროვნული ფორუმის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ავთანდილ დავითაძის განცხადებით, დაკავების მომენტში შეყლაშვილს და ქარდავას სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ მათი დაკავება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს უკავშირდება. რაც შეეხება "კონსერვატორ" მერაბ კაჭახიძეს, ის "თვალთმაქცური გარიგების" მოტივით არის დაკავებული.
მერაბ კაჭახიძის ადვოკატის, ლადო მაჭარაშვილის განცხადებით, დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ.
"დღეს შევხვდებით დაკავებულებს, დავესწრებით მათ დაკითხვას და ბრალის წაყენებას. პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ბრალის წაყენება დაახლოებით 15:00-16:00 საათისთვის უნდა მოხდეს. ამ დროისთვის გახდება ჩვენთვის ცნობილი, ზუსტად რას ედავება გამოძიება დაკავებულებს. ისინი ამ დრომდე პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან და აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე იქ დარჩებიან", - აღნიშნა ლადო მაჭარაშვილმა.
მისივე განმარტებით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს, აცხადებს, რომ არ იცის, რა 1400 ლარზე და გარიგებაზეა საუბარი და მის დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
წუხელვე დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური და "ეროვნული ფორუმის" ლიდერები გუბაზ სანიკიძე და რევაზ შავიშვილი იმყოფებოდნენ. ოპოზიციონერი ლიდერები თანაპარტიელების დაკავებას მათ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.
დაკავებულები ამ დრომდე დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.