„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე სახელისუფლო პარტიის მიერ შეთავაზებულ დეკლარაციის პარტიების ქცევის წესების შესახებ აცხადებს, რომ „ახალი მემარჯვენეები“ ამ დოკუმენტს უერთდებიან, რადგან თუკი ეს ვინმესთვის შეიძლება იყოს მისაღები, ეს „ახალი მემარჯვნეები“ არიან, მხოლოდ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ დოკუმენტის “ტაეპებს“ შორის წაკითხვაც.
როგორ აფასებთ „ახალი მემარჯვენეები“სახელისუფლო პარტიის მიერ პარტიების ქცევის შეთავაზებულ დოკუმენტს?
საქმე ეხება ამ ინიციატივის თანახმად, ოთხ კონკრეტულ მომენტს - ძალადობაზე უარის თქმას, მოსყიდვაზე უარის თქმას, ადმინისტრაციულ რესურსზე უარის თქმას. ჯერ მინდა ამ სამ პუნქტს შევეხო და აღვნიშნო, რომ არცერთი სამის რესურსი “ახალ მემარჯვენეებს“ არც გვაქვს და ვერც გვექნება და სურვილიც არ გვაქვს ამ ტიპის მოქმედებების. ვისაც ეს რესურსი გააჩნია, ალბათ მისი პოზიცია არის ყველაზე მთავარი. ჩვენ არც ძალადობით , არც მოსყიდვით და არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ვხასიათდებოდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნება. რაც შეეხება მეოთხე მომენტს, ბუნებრივია, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია თავისი არსებობის მანძილზე არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის მომხრე იყო და როდესაც ლეგიტიმურად ცხადდებოდა კონკრეტული შედეგები, ჩვენ ყოველთვის ვიყავით არა დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე და რევოლუციის მომწოდებელი, არამედ პირიქით, ამ კუხით ახალს არც ვიტყვით და ვერც ვიტყვით. ეს ინიციატივა, თუნდაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, თუკი ვინმესთვის შეიძლება იყოს მისაღები, ეს არიან „ახალი მემარჯვენეები“.
ფიქრობთ რომ ამ დოკუმენტის მიღება რაიმე შედეგს მოიტანს?
ეს აწყობს ქართულ სახელმწიფოს, აწყობს ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკური მნიშვნელობით, „ახალ მემარჯვენეებსაც“. თუმცა აქვე მინდა დავძინო ერთი რამ, თუ დოკუმენტის შექმნას მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით ექნება მნიშვნელობა და პოლიტიკურმა პარტიებმა არ გაითავისეს ეს სულისკვეთება, ერთია დოკუმენტზე ხელისმოწერა და მეორეა სხვა ქმედებების განხორციელება. დაწყებული ხელისუფლებიდან, გაგრძელებული სხვა პოლიტიკური პარტიებით, შედეგიანი ეს დოკუმენტი ვერ იქნება. ამიტომ, დოკუმენტის შექმნა პოლიტიკური და პიარული თვალსაზრისით ერთი რამეა და საჭიროა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ დოკუმენტის სულისკვეთება გაითავისონ, თუ გვინდა რომ შედეგი მივიღოთ და დოკუმენტიც პროდუქტიული იყოს. ჩვენ გათავისება ნამდვილად არ გვჭირდება, გინდა „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში და გინდა შემდეგ.
ხომ არ გეჩვენებათ, რომ დოკუმენტის მეოთხე პუნქტში კონკრეტული პარტიის მიმართ, გარკვეული მოსაზრებაა ჩადებული?
პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ დოკუმენტში ყველა პუნქტში რაღაც დევს ვიღაცის მიმართ. მაგალითად, პირველ პუნქტში, როდესაც საუბარია არა ძალადობაზე, მიზანშია ამოღებული ის პოლიტიკური პარტია, ვისაც ძალადობისკენ აქვს მიდრეკილება, უპირველეს ყოვლის ეს არის ხელისუფლება. მეორე პუნქტში, როდესაც მოსყიდვაზეა საუბარი, გარკვეული აქცენტი კეთდება კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე, რომელთაც მოსყიდვის რესურსი გააჩნიათ, აბა ჩვენ ამის რესურსი არ გაგვაჩნია,ხელისუფლება და ის ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია, რომელთაც ამის ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, აქ ხელისუფლებაა მიზანში ამოღებული, რადგან ოპოზიციას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს.
მეოთხე პუნქტი ეს ხელისუფლებას არ ეხება და ანკესი ოპოზიციის მხარესაა გადაგდებული. ამ დოკუმენტში არის ერთი ფორმულირება, ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად გამოცხადებული არჩევნების შედეგების ცნობა. თუ ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა თქვეს, რომ არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად და არაფერი ისეთი არ მომხდარა, მაშინ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. დეტალებში ეშმაკები იმალება, თუმცა ეს არ არის მარტო მეოთხე პუნქტში, ეს არის მეორეშიც და მესამეშიც...
ეს დოკუმენტი წინასწარ ხომ არ არის იმისთვის შექმნილი, რომ შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადოს, რომ პარტიებმა ძალადობის გამოყენებაზე, მოქრთამვაზე და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე უარი განაცხადეს...
- ხომ არ არის ეს დოკუმენტი წინასწარ განწირული, რათა შემდეგ ხელისუფლებამ თითზე დაიხვიოს და განაცხადოს, რომ აი, მათ ძალადობა და მოსყიდვა უნდათ და ა.შ როდესაც მე ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე ვსაუბრობდი, ამასაც ვგულისხმობდი. პოლიტიკურმა პარტიამ და სუბიექტმა, გარდა იმისა, რაც ამ დოკუმენტში წერია, ტაეპებს შორის დაწერილიც უნდა წაიკითხოს. აქედან გამომდინარე პარტიამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაწერილი დ გამოაშკარავებული შინაარსიდან და დაწერილიდან გამომდინარე და მეორეც, იმ აქცენტებთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ ხელისუფლების მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული.