„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ბათუმში კომპანია „ავტოტრანსპოტში“ დასაქმებულ მძღოლებს, ადმინისტრაცია საწვავის თანხებს შრომის ანაზღაურებიდან უქვითავს. პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, რაულ ბოლქვაძის ცნობით, მძღოლები რეგულარულად იხდიან პროფკავშირის წევრობის გადასახადს თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ამ ორგანოს მხრიდანაც რეაგირების გარეშეა დატოვებული.
მისი თქმით, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაცია დაინტერესდა აღნიშნულით და გადაწყვიტა როგორც დასაქმებულებთან, ასევე კომპანიის და პროფკავშირების ადმინისტრაციებთან შეხვედრა. თემის შესწავლით ასევე დაინტერესდა „ინფო 9“-ის ჟურნალისტი ბაია ძაგანია.
„აღნიშნულ ინიციატივას, კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან აგრესია მოჰყვა და ადგილზე მისულ მედიის და პარტიის წარმომადგენლებს, ტერიტორია იძულების წესით დაატოვებინეს. აღსანიშნავია, რომ „ინფო 9“-ის ჟურნალისტის მიმართ ამ დრომდე გრძელდება სატელეფონო ზარები: მას მოპოვებული მასალის გადაცემას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშწორებით ემუქრებიან“, - აცხადებს რაულ ბოლქვაძე.
პარტია ჟურნალისტზე მუქარის ზარებს, თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ.