საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცადებით, დღეიდან პენსიის ასაღებად არცერთი პენსიონერი რიგში არ ჩადგება. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ლიბერთი ბანკში“ სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესზე დასწრებისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი მთავრობა ყველა ოჯახთან ხელშეკრულებას გააფორმებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გაუკეთებს პენსიონერებს და აღნიშნა, რომ ამის შემდგომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლისები იზრუნებს.
„დღეიდან თქვენ ვეღარავინ დაგჩაგრავთ. შევქმნი მექანიზმს, რომელიც თუ სადმე საპენსიო რიგი არსებობს, აღკვეთავს. გვიხარია ბევრი ტურისტი, მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც სასტუმრო არ აქვს. მე კარგად მესმის ეს გაჭირვება და გპირდებით, რომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. აღარ დავუშვებთ იმას, რომ პენსიონერი რიგში იდგეს. მე მესმის, რომ პოლისი კარგია, მაგრამ არ უნდა გავაფუჭოთ ის იმით, რომ ხალხს ქუჩაში დგომა მოუწიოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
დღესვე პრეზიდენტმა პენსიონერებს პირობა მისცა, რომ ამიერიდან მათ რიგებში დგომა არ მოუწევთ. მისი თქმით, პენსიონერები გაცილებით მეტს იმსახურებენ, ვიდრე დღეს პენსიის სახით აქვთ და მათ დაპირდა, რომ მომავალ წელს არსებული 140 ლარიანი საპენსიო პაკეტი მომავალი წლიდან 100 დოლარამდე გაიზრდება.
„ჩვენ ახლა გაძლევთ პოლისს, რომლის საშუალებითაც საქართველოში 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისთვის ანაზღაურდება სამედიცინო მომსახურება და წამლების რაოდენობის სერიოზული ნაწილი. საავადმყოფოებს, რომლებსაც ვაშენებთ ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ჩაქვში, ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ. მათ იმისთვის არ ვხსნით, რომ თავი მოვიწონოთ. ეს იმისთვის კეთდება, რომ თუკი რამე აგტკივდებათ, პრობლება აღარ გქონდეთ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გაცემა დღეს დაიწყო და ძალაში 2012 წლის 1 სექტემბრიდან შევა. სახელმწიფო დააზღვევს საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს. თითოეული მათგანი სადაზღვევო პოლისს "ლიბერთი ბანკის საშუალებით, პენსიასთან ერთად მიიღებს, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები და სტუდენტები პოლისებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის მისამართზე მიიღებენ.