„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ყოლბაია NDI - ის მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ ისინი ძალიან არაკორექტურად, ძველი სტილით და მეთოდით ადგენენ კითხვებს და რესპოდენტებიდან არაადექვატურ პასუხებს იღებენ.
შესაბამისად, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ NDI - ის ურჩევს კითხვების შედგენის იდეოლოგიასა და მათ ფორმულირებას გადახედოს.
ყოლბაის განცხადებით, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არაადექვატურია კვლევის შედეგები, კონკრეტულად კი, იმ ნაწილში, სადაც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის საქმიანობა გამოკითხულთა 18% -მა ძალიან ცუდად შეაფასა.
„NDI და მის მიერ ჩატარებული კვლევები საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიაში უნდობლობას იწვევს. NDI ძალიან არაკორექტურად, ძველი სტილით და მეთოდით ადგენს კითხვებს და ფაქტობრივად, რესპოდენტებიდან არადექვატურ პასუხებს იღებს. არსებობს დიდი ეჭვი, რომ NDI კვლევებით რაღაც სამზადის ამზადებენ. ყოველ შემთხვევაში, მათი კვლევის შედეგები უკვე სასაცილო გახდა და ამ შედეგებს სერიოზულად ვერავინ აღიქვამს“, - განაცხადა ყოლბაიამ.
ყოლბაის თქმით, როგორ შეიძლება ნინო ბურჯანაძესთან მიმართებაში გამოკითხულთა 18 % მისსა და პარტიის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებდეს, მაშინ როდესაც ჩამონათვალში სხვადასხვა პარტიებს და მის ლიდერებს 4 და 5 % აქვს.
„შეკითხვები ისეა დასმული, რომ ადეკვატური პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ რეალურად, არასრულფასოვან სურათს ვღებულობთ“, - განაცხადა ყოლბაიამ.
შეგახსენებთ, NDI-ის კვლევის მიერ, გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში, რომელიც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ მედიის წარმომადგენლებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს გააცნო ნათქვამია, რომ გამოკითხულთა 18% „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის საქმიანობას ძალიან ცუდად, 6%, გია თორთლაძის საქმიანობას ძალიან ცუდად, 5% სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და თავდაცვის ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს, რესპოდენტების 4% კი მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდად თავის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 3-3% კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანის, ქდმ-ის ლიდერ გიორგი თარგამაძისა და თბილისის მერ გიგი უგულავას საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.