საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილის შეფასებით, თვეების განმავლობაში რამდენიმე პროცენტიან ცვალებადობას ნაციონალური მოძრაობისთვის მნიშვნელობა არა აქვს. აღნიშნული კომენტარი გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის კლებასთან დაკავშირებით გააკეთა.
NDI-ს კვლევის თანახმად – კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ 36% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა,18 % - კოალიცია "ქართულ ოცნებას". NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განმარტებით, წინა კვლევასთან შედარებით 11%-ით დაკლებულია "ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებელი, 8%-ით გაზრდილია კოალიცია "ქართული ოცნების" პროცენტული მაჩვენებელი.
გოკა გაბაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაუწყია და საარჩევნო კამპანიის დასაწყებად იდეალური სასტარტო პირობები აქვს. მისივე თქმით, ამომრჩეველი საბოლოო გადაწყვეტილებას არჩევნების დღეს მიიღებს.
„თვეების განმავლობაში რამდენიმე პროცენტიან ცვალებადობას ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ტენდენციაა, რომ ჩვენ ბევრად მეტი ამომრჩეველი გვყავს, ვიდრე ჩვენს ოპონენტებს“, – აღნიშნა გაბაშვილმა.