რუსთავი 2-ის შენობასთან სასულიერო პირების აქცია გაიმართა

რუსთავი 2-ის შენობასთან სასულიერო პირების აქცია გაიმართა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან სასულიერო პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" ჟურნალისტ თენგიზ გოგოტიშვილის სიუჟეტი გააკრიტიკეს, რომელიც მეუფე იობის შესახებ იყო მომზადებული.

საგურამოში მდებარე ილია მართლის სახელობის მონასტრის წინამძღვარის, მამა ტარიელის განცხადებით, ის კარგად იცნობს მეუფე იობს და იცის რომ ცუდს არაფერს იტყვის. აქციაზე კი პროტესტის ნიშნად მივიდა.

„ის მართალი კაცია და თითოეულ სიტყვას ზომავს. მისი სიტყვა კი ღმერთს მოეწონებოდა და უფლისა და ხალხის სასიკეთოდ იქნებოდა ნათქვამი", - აღნიშნა მამა ტარიელმა.

სამების ტაძრის დიაკვანმა, მამა ელიზბარ დიაკონიძის თქმით კი, მან ჯერ კიდევ შარშან იცოდა, რომ რიგი ტელევიზიები მეუფე იობის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებდნენ და აღნიშნული მასალები მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც მეუფე ბიძინა ივანიშვილთან გამოჩნდა.

„დღეს ამ ტელევიზიებმა ჩათვალეს, რომ დადგა დრო, ყველაფერი წარმოაჩინონ, რაც კი მოაგროვეს. აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაა, თუმცა ეს გამარჯვებული ტელევიზია და იმ სიუჟეტების ავტორი, რომელმაც მეუფე იობზე მოამზადა სიუჟეტები, ჯოჯოხეთში ერთმანეთს გაუნათებენ გზას", - განაცხადა მამა ელიზბარ დიაკონიძემ.