ალიანსი „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ გმობს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური თეფშების დაყადაღებასა და მათ წინააღმდეგ სახელწმიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენლებმა დღეს For.ge-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადეს. მათი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ქმედებები ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას და ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლას ემსახურება.
„ალიანსი თვლის, რომ ადგილი აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, უხეშ ჩარევას მედია-ბიზნეს სტრუქტურის საქმიანობაში, მაესტროს“ საქმიანობის ხელშეშლას, თავისუფალი ეკონომიკური აქტივობის ხელშეშლას, თავისუფალი ეკონომიკური აქტივობის ხელყოფას. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედია გარემო გაუარესდა, ბიზნეს-გარემოში კი რელიეფურად იჩინა თავი ბიზნეს სუბიექტების უკანონო დევნამ და საქმიანობისთვის გარემოს მნიშვნელოვანმა გაუარესებამ“, - განაცხადეს ალიანსის წარმომამდგენლებმა.
მათი განმარტებით, ტელეკომპანიის აქტიურობის შეჩერება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164’-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ამომრჩეველთა მოსყიდვას გულისხმობს და აღნიშნეს, რომ ეს დასაბუთებას მოკლებულია. ალიანსის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანიაზე დადებული ყადაღა უკანონოა. მათი განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ტელეკომპანია „მაესტროს“ რომელიმე პარტიასთან დაკავშირების და ამ ორგანიზაციის სამართალდამრღვევლად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
„არც პროკურატურასა და არც სასამართოს საზოაგდოებისთვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ „მაესტროს“ მიერ სატელიტური ანტენების შეძენა და მოსახლეობისთვის მისი დამონტაჟება რამენაირად უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობას“, - აღნიშნავენ ალიანსის დამფუძნებლები.
გამომდინარე აქედან, ისინი მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ განხორციელებული ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, ევროკონვენციის მე-10 და გაეროს პაქტის მე-19 მუხლს, რაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების ღია შეზღუდვას გულისხმობს.