გიორგი ფოჩხუას ერთი კვირა:  „იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათასასუფევლის კარია“

გიორგი ფოჩხუას ერთი კვირა: „იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათასასუფევლის კარია“

13 ივლისს, ტრაგიკულად დაღუპული მსახიობისა და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას პირადი დღიური, 2011 წლის 30 მაისს, საინფორმაციო სააგენტო livepress.ge-ზე გამოქვეყნდა. დღიურში მკითხველი გიორგის ერთ კვირას, მის ყოველდღიურობასა და სპექტაკლ „აღსარებაზე“ მუშაობის პროცესს გაეცნობა.  

23 მაისი, ორშაბათი

გათენდა, 7 ნახევარია, ლუკას ტირილმა გამაღვიძა. იყო დრო, როდესაც ჩემი დილა 12 საათზე იწყებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმე დილაუთენია გამაღვიძებდა, ჩხუბით მთავრდებოდა. ლუკას დანახვაზე ძილის სურვილი მიქრება. დღეს, 12 საათზე თეატრში უნდა წავიდე, პირველი რეპეტიცია მაქვს. სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე. დიდი ხანია სპექტაკლის დადგმაზე ვფიქრობ. უფრო მეტად მომეძალა პასუხისმგებლობის გრძნობა. მინდა ბოლომდე დავიხარჯო. პატარა ქალაქია, ერთი და იგივე სახეები ნეგატიურად მოქმედებს. ბევრ შუშის თვალება ადამიანს ვხვდები ქუჩაში, რომლებიც ერთი და იგივე კითხვებით შემოიფარგლებიან, როგორ ხარ? რას შვები? რა არის ახალი?... ასეთი კითხვები კი ასჯერ მიმძაფრებს სურვილს, რომ მთელი დღე დაკავებული ვიყო. 12 საათზე თეატრში მივედი და რეპეტიციაც დავიწყეთ. შრომატევადი საქმეა, თითოეული დეტალია გასარჩევი. ცოტა გამიჭირდა ეს პროცესი. ვცდილობ მოვირგო რეჟისორის ფუნქცია, რომელიც ჩემი იდეებით და აზრებით არის გამოწვეული. კადრებად თვალწინ მიდგას სპექტაკლი. მინდა მსახიობებს გადავცე ეს ემოცია, ავუხსნა და გავუადვილო პირველი რეპეტიცია. ასე გრძელდება რამდენიმე საათი. სახლში დავბრუნდი, ლუკას ვეთამაშე და დღიურის დაწერაც დავიწყე.

 24 მაისი, სამშაბათი

დილის 9 საათია. ყავა დავლიე და ტელეფონმაც დარეკა. გადაღებაზე უნდა წავიდეთ. გადაცემისთვის კითხვები მომზადებული მქონდა, მაგრამ მაინც გადავხედე. ერთ-ერთი კითხვა ამეკვიატა. „ხელოვნური დათესვლის დროს ჯიშთა რა თავისებურებებზეა დამოკიდებული ფურისა და სათესლე მასალის შერჩევა“. ეს მეათე გადაცემის კითხვაა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. აქვე პარალელს ვაკეთებ თეატრთან. დღეს რეპეტიცია 6 საათზე მაქვს. გადაღებაც დასრულდა ხელოვნური დათესვლის სპეციალისტთან. უკვე თეატრში ვარ და კონცენტრირებას ვახდენ ვეტერინარიიდან. მოსაცდელში პაპიროსს ვეწევი მსახიობებთან და ნელ-ნელა სცენისკენ მივდივართ. „იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათასასუფევლის კარია“, ამ სიტყვებით იწყება ჩემი სპექტაკლი, რომელზეც მეორე დღეა ვმუშაობ. რეპეტიცია გვიანობამდე გაგრძელდა. სახლში დაღლილი დავბრუნდი, ოჯახის წევრები ადგილზე არიან, ლუკას ძინავს. ტელეპროგრამებს გადავავლე თვალი. ძილის მორევამ გადართვის ტემპორითმზე იმოქმედა და ტელეკომპანია „ოდიშზე“ გაჩერდა. აი, ახლა დროა დავიძინო.

 25 მაისი, ოთხშაბათი

 ისევ ლუკა მაღვიძებს. ვისაუზმე და თეატრში წავედი. დღეს რეპეტიცია 12 საათზე იწყება, მაგრამ ადრე მისვლა მირჩევნია. პარტერში სპექტაკლისთვის შერჩეულ მუსიკას ვუსმენ. რთულია, მაგრამ წინ მივდივარ, მუდმივად ძიების პროცესში ვარ. მუსიკას იანვრიდან ვეძებდი, როგორც იქნა შევარჩიე. გოგი მოვიდა და რეპეტიციაც დავიწყეთ. პარტერში ნონა შემოვიდა და შეგვახსენა, რომ 2 საათზე მმართველს თათბირი აქვს. მაიამ, გვაცნობა, რომ ივნისში რეჟისორი ჩამოდის თბილისიდან. მანამდე ჩემი ექსპერიმენტალური სპექტაკლის პრემიერაა დაგეგმილი, 15 და 16 ივნისს. თათბირი დასრულდა. მე და გოგიმ კვლავ სცენაზე გადავინაცვლეთ. სახლში მივედი, რუსო და ლუკა აივანზე დამხდნენ. მიხარია მათი ნახვა. მე და ლუკამ ბევრი ვითამაშეთ და ერთად ჩაგვეძინა.

26 მაისი, ხუთშაბათი

თავისუფლების დღეა

დილის 9 საათზე მაიამ დამირეკა, დამოუკიდებლობის დღე მომილოცა და შემახსენა, რომ მეთერთმეტე გადაცემა უნდა გადაგვეღო. ვისაუზმე, რუსო და ლუკას დავემშვიდობე და მძღოლიც მოვიდა. გადაღება, სოფელ ეწერში დავიწყეთ. ჩაის პლანტაციებში ქალები მუშაობენ. „გასულ საუკუნეში ჩაის კულტურა საქართველოში ყველაზე მეტად განვითარებული იყო. 45 წელია ჩაის ვკრეფ და ამით ვარჩენ ოჯახსო“, მითხრა ერთერთმა მეჩაიემ, რომელიც გელოვანების ჩაის პლანტაციებში მუშაობს. გადაღების შემდეგ გელოვანებმა მეგრული სუფრა გაგვიშალეს. ღვინო დიდებული, არაყი ორნახადი ნაკვერჩხლებს მაყრევინებს თვალებიდან. სუფრაზე პირველი სადღეგრძელო საქართველოს დამოუკიდებლობის იყო. მეორე - წუხელ, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის დემონსტრაციის დაშლის დროს დაღუპული ორი მოქალაქის მოსაგონარი. ზუგდიდში დავბრუნდით. ახალგაზრდები ცენტრალური მოედნისკენ მოემართებიან. სულ მალე „გრანდიოზული“ კონცერტი უნდა დაიწყოს, თურმე. დღეს რეპეტიცია არ მაქვს. თავს უფლება მივეცი და თავისუფლების დღეს, მსახიობები რეპეტიციიდან გავათავისუფლე. მოგვიანებით მეგობრებთან ერთად ფოთში წავედი. აქაც იგივე - ქუჩაში ხალხი, „უზარმაზარი“ სცენა, გახარებული მზესუმზირისა და ნაყინის გამყიდველები და პატარები, რომლებიც მშობლებთან ერთად პარკში თამაშობენ. სცენაზე, მსახიობები წითელი და შავი ნაჭრით შეიფუთნენ. თურმე, ქუთაისის პანტომიმის თეატრი წარმოდგენაში რუსეთს ამარცხებს. საბჭოთა კავშირის ჰიმნმა და ჰერიო ბიჭებომ ფოთის „ოსტროვში“ გადამისროლა. დღეც ასე დასრულდა. გილოცავთ!

27 მაისი, პარასკევი

თავი მისკდება, ნაბახუსევზე ვარ. თეატრში უნდა წავიდე, რეპეტიცია იწყება. გზად ლუდი ვიყიდე. მომავალ კვირაში სპექტაკლის დეკორაცია მზად უნდა იყოს. მარიკა მოვიდა, ვისაუბრეთ და ჩამოვწერეთ დეტალურად, თუ რა გვჭირდება სპექტაკლისთვის. რეპეტიციაზე ყველა დეტალი კიდევ ერთხელ გავიარე მსახიობთან. გოგისთან მუშაობა საინტერესო და კომფორტულია. ხვალ ქორეოგრაფს უნდა დავურეკო და შევუთანხმო როდის შეძლებს ჩამოსვლას. მაია კალანდიასთან ოთახში შევდივარ და სპექტაკლის ხარჯთაღრიცხვას ვათანხმებ. საღამოს თეასთან წავედით და ფინჯან ყავასთან ფოთის ამბებს ვუყვებით. რუსო მირეკავს, ლუკა ტირის მამა „ენატრებაო.“

28 მაისი, შაბათი

სპექტაკლის პირველი სცენა დღეს უნდა დავასრულო. ქორეოგრაფს ვერ ვუკავშირდები, ვნერვიულობ. სპექტაკლში პროექტორი მჭირდება, ჯუანშერს ვურეკავ და ვთხოვ თეატრში მოვიდეს. მონიტორისთვის ადგილი უკვე შერჩეული მაქვს. ცოტათი ამოვისუნთქე, მოგვარებულია. რეპეტიციამ კარგად ჩაიარა, დღეს ისე არ ვღელავ, როგორც ორშაბათს, რეპეტიციის პირველ დღეს. დამირეკეს, გადაცემისთვის სტენდაფი უნდა ჩავწეროთო. გამიჭირდა რეპეტიციის ადრე დასრულება. გადაღებიდან მსახიობებს რესტორანში შევუერთდი. გემოზე მოვილხინეთ.       

29 მაისი, კვირა

„აღსარება“ - ასე ქვია სპექტაკლს.

თეატრისკენ გზად მრევლი მხვდება, გასაკვირი არაფერია - კვირაა. განსხვავება ერთ რამეშია, ჩემი გმირი აღსარებას სცენაზე აბარებს მღვდელს. - ისინი ტაძარში. დღეს სპექტაკლის მეორე ნაწილზე უნდა ვიმუშაოთ. პიესის ტექსტში ცვლილება შევიტანე. გონებაში აკვიატებული მაქვს სამი კითხვა, რას ვაკეთებ? როგორ ვაკეთებ? რისთვის ვაკეთებ? ვფიქრობ ამ კითხვებზე პასუხს 15 ივნისს „აღსარების“ პრემიერის დღეს გავცემ. დღიურს პირველად ვწერ, არ ვიცი როგორ გადმოვეცი ჩემი ერთი კვირა. ხვალ დილით Livepress.ge - ს ოფისში უნდა მივიდე და დღიური ვებგვერდის რედაქტორს გადავცე.

livepress.ge