პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას გეგმა აქვს, რომ მოსახლეობის ტერორი და რეპრესიები განახორციელოს, რადგან ვინც კი ხმას ამოიღებს და ბიძინა ივანიშვილს მიემხრობა ცუდ დღეს დააყრიან.
მამრაძე არ გამორიცხავს ასევე ივანიშვილის მომხრეებისა და ლიდერების დაპატიმრებას კრემლის აგენტობის ბრალდებით.
from.ge პეტრე მამრაძეს ესაუბრა:
- ხელისუფლებას რა გეგმა აქვს წინასაარჩევნოდ შემუშავებული?
- ეს გეგმა ასეთია: მაქსიმალურად განახორციელონ მოსახლეობის დატერორება, რეპრესიები, რადგან ვინც კი ხმას ამოიღებს და ბიძინა ივანიშვილს მიემხრობა, ცუდ დღეს დააყრიან, სასტიკად გაუსწორდებიან. მეორე მხრივ, არის „შოლტის და ნუგბარის“ პროგრამა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობას ოქროს მთებს ჰპირდებიან. ვანო მერაბიშვილი პრემიერად იმიტომ დანიშნეს, რომ ეგებ მას დაუჯერონ, რადგან ეს კაცი დემაგოგიითა და ორატორული ნიჭით ცნობილი არ არის. იგი ხალხში იმით არის ცნობილი, რომ კორუფციასა და დანაშაულს მოერია. თანაც ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილს პროგრამა მოჰპარეს, 4 წელზე გაამრავლეს და თავისი სიტყვები მიაწერეს. ცდილობენ, რომ ხალხს ამ 3 თვეში შეღავათები მაქსიმალურად დააყარონ.
- ეს აუსრულებელი დაპირებებია?
აბსოლუტურად აუსრულებელი დაპირებებია.
- ხელისუფლება 8 წლის განმავლობაში რატომ არ აკეთებდა იმას, რასაც ახლა გვპირდება?
- ეს ხელისუფლება გადაგვარდა, განსაკუთრებით 2007 წლის შემდეგ. ის ჩამოყალიბდა ავტორიტარულ-კლეპტოკრატიად, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარულ რეჟიმად. რაც კი ბიზნესმენებს ფული რჩებოდა, მთლიანად ართმევდნენ. საქართველოში დამოუკიდებელი ბიზნესმენი თითქმის არ დარჩა.
- ბიზნესზე ახლა ხელისუფლება ტერორს ახორციელებს?
- დიახ.
- ბიზნესი დაშინებულია?
- რა თქმა უნდა, ბიზნესი დაშინებულია. ამასობაში, მეუბნებიან, რომ გურიაში საპატრულო მანქანები ვერ მოძრაობს, რადგან ბენზინის ფული არ არის.
- ეს ინფორმაცია მართალია?
- თბილისშიც შემცირებულია საპატრულო მანქანების მოძრაობა, ბევრი ამბობს, რომ ბენზინის ფულიც კი აღარ არის, ისეთი კრიზისია. მთელ რეგიონში ჩვენთან ყველაზე ძვირია წამლები, ყველაზე ძვირია ინტერნეტი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ მონოპოლიაა, კლეპტოკრატების მონოპოლია. . ბიზნესმენებს თავის ჯიბეებში კი არ მიაქვთ ფული, არამედ, ნაციონალური მოძრაობის „ობშჩიაკში“ .
- ეს ახლა ხდება ასე?
- ოთხი წელია ასეა. როგორც ახლა ინფორმაცია ჟონავს და უცხოელებიც იგივეს მეუბნებიან, ამ რეჟიმის თავკაცები არა მარტო „ობშჩიაკიდან“, არამედ, რომ დასჭირდეთ, ოჯახიდან გამოიტანენ ფულს და ყველაფერს დადებენ ფსონზე. როგორც ერთ-ერთმა უცხოელმა ექსპერტმა თქვა, გაიგეთ, ესენი იბრძვიან საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. ვიღაცამ თქვა, რომ ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პარტიები ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან, ესენი კი იბრძვიან, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. მათ იციან, რომ ძალაუფლება თუ დაკარგეს, უვადო პატიმრობა არ ასცდებათ.
- უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვებენ? რისი იმედი აქვთ?
- იმის იმედი აქვთ, რომ საინფორმაციო სივრცეს მთლიანად გააკონტროლებენ. ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის თითქმის 90% ინფორმაციას „რუსთავი 2“- დან, „იმედიდან“ და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან იღებს. დამოუკიდებელი ტელევიზიები, მხოლოდ მცირე ნაწილია. ახლა ადამიანებს შეღავათებს აყრიან, მაგალითად, ეუბნებიან, რომ ქალაქში ინტერნეტი უფასო იქნება, თელასის დავალიანებას ჩამოწერენ, ეს შეღავათები იმისთვის სჭირდებათ, რომ ხალხმა იფიქროს, ახლა თუ აკეთებენ, მომავალშიც ხომ გააკეთებენ? საბედნიეროდ, ხალხში სულ სხვა განწყობაა. თუ ვინმე კიდევ ამ ტყუილის გუდას დაუჯერებს, მაშინ საშველი არ ყოფილა. ამათ უნდათ, რომ ხალხი გამოიყენონ ბოდიში და როგორც ვირი, რომელსაც ცხვირწინ თივას დაუკიდებენ და მთელი ცხოვრება ასე ატარებენ. ეს არ გაუვათ.
- თავად იციან როგორი რეიტინგი აქვთ?
- ჰგონიათ, რომ იციან. როგორც კი მიხვდებიან, რომ „შოლტი, ნუგბარი და მასობრივი გაყალბება“ არ ეყოფათ, მაშინვე მასობრივ რეპრესიებზე და ძალადობაზე წავლენ.
- საკმაოდ მძიმე სცენარი დახატეთ?
- კი, ეს მძიმეა, მაგრამ რეალობაა. ეს ნიშნავს ივანიშვილის მომხრეების, ლიდერების დაპატიმრებას, კრემლის აგენტობის ბრალდებით და იმის ბრალდებით, რომ პუტჩი მზადდებოდა.
- ამის საშიშრობა არსებობს, რომ ივანიშვილის კოალიციაში მყოფი ლიდერები დააპატიმრონ?
– რა თქმა უნდა.
- თავად ივანიშვილის დაპატიმრების საშიშროებაც არის?
- მე არ დავიწყებ მარჩიელობას, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, შესაძლოა დეპორტაციას დასჯერდნენ.
- „მასთ ქერის“ პრინციპის განხორცილება კი არა საერთოდ ტელევიზიები შეიძლება დაიხუროს. ამას გააკეთებენ ან არჩევნებამდე ან არჩევნების მეორე დღეს თუ ხმებს დაითვლიან და დაინახავენ, რომ ნახევარზე მეტი ივანიშვილის მხარეს არის.
- ანუ თუ ნაციონალები არჩევნებს წააგებენ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ამის საფრთხე არსებობს?
- კი. უფრო მეტიც, ვთქვათ გამოაცხადეს საკუთარი ოცნება, რომ არჩევნებში 65% აიღეს, თავის 2 პარტიას პარლამენტში შეიყვანენ და ეს იქნება დემოკრატიის იმიტაცია. კიდევ ერთი ვარიანტი, თუ თავის საოცნებო შედეგი გამოაცხადეს და ხალხი ქუჩაში მასობრივად გავიდა და ქვეყნის პარალიზება მოხდა, რეპრესიებს მაშინაც ჩაატარებენ. ანუ ერთადერთი ვარიანტი რჩება, თუ ხალხის პროტესტი გაიწოვება, მაშინ ამას არ ჩაატარებენ. მე სრულიადაც არ ვამბობ, რომ 100%-ით ეს ასე მოხდება. იმ შემთხვევაში თუ თავის გეგმა ბოლომდე ვერ გაიტანეს, ეს სცენარები იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი.