27 წლის მსახიობისა და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ოჯახის წევრების მტკიცებით, ის მოკულულია. მათი ინფორმაციით, მკვლელილს ვინაობა ცნობილია და მას პოლიცია უკვე ეძებს.
ფოჩხუას ცხედარი ქუთაისის პროზექტურიდან ზუგდიდში, საკუთარ ოჯახში გუშინ გადაასვენეს. ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, მიცვალებულს სახეზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.
„ნამდვილად მოკლულია. ნაცემი, თვალებზე სილურჯე აქვს, ყელზე კი, ხელი ან თოკი აქვს მოჭერილი, ან ზღვაში ჩაახრჩვეს, ან მოკლეს და შემდეგ გახადეს ტანსაცმელი, რომ ყველას გაეგო, თითქოს გიორგი დაიხრჩო. ის ნასვამი იყო, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, ზუსტად ვიცი, წყალში ნასვამი არასდროს ჩადიოდა“-აცხადებს გარდაცვლილის და, მომღერალი ელენე ფოჩხუა.
ახლობლები გიორგის მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, გიორგის უცხო პირებთან შელაპარაკება მოუვიდა.
„იმ ბიჭმა, ვინც მკვლელია, გიორგის ერთ-ერთ მეგობარს უთხრა თურმე, რომ ქართულად რატომ მელაპარაკები, მეგრელი ხომ ხარო. ხომ ხვდებით რა მენტალიტეტზეა საუბარი“-ამბობს გიორგი ფოჩხუას და.
ოჯახის წევრების განცხადებით, გიორგი ფოჩხუა მკვლელობამდე გაძარცვეს _ მას წაართვეს მობილური ტელეფონი, საქორწინო ბეჭედი და ფოტოაპარატი, რის შემდეგაც მოკლეს.
გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი იყო.ის საზოგადოებამ სხვადასხვა შოუებიდან გაიცნო, იყო „ჯეობარისა“ და „ვარსკვლავების აკადემიის“ მონაწილე.
მისი რეჟისორობით თეატრში არაერთი სპექტაკლი დაიდგა, უკანასკნელი ექსპერიმენტი „ჰამლეტი“ კი 25 ივნისს გაიმართა.
შეგახსენებთ, გიორგი ფოჩხუას ცხედარი გუშინწინ, საკურორტო ქალაქ ანაკლიაში ზღვამ გამორიყა.
გიორგი ფოჩხუას მეუღლე და წლინახევრის შვილი დარჩა.