გია იაკობაშვილი: „მაესტროს“ წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებები არჩევნების წინააღმდეგ არის მიმართული

გია იაკობაშვილი: „მაესტროს“ წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებები არჩევნების წინააღმდეგ არის მიმართული

 

"ის, რასაც ხელისუფლება „მაესტროსთან“ მიმართებაში ჩადის,  არა მხოლოდ მაესტროს, არამედ პირდაპირ არჩევნების, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული“, - ამის შესახებ „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა, for.ge-ს  დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა გია იაკობაშვილმა დღეს პროკურატურასთან  „მაესტროს“ მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც იაკობაშვილი განმარტავს, ჟურნალისტებსა და მედიასაშაულებებს პროფესიული საქმიანობის შესრულებისა  და ინფორმაციის  შეუფერხებლად გავრცელების საშუალება უნდა მიეცეს.  მისი თქმით,შესაბამისად, მაესტროს“ უნდა მისცენ სატელიტური ანტენების თავისუფლად  დამონტაჟების შესაძლებლობაც.

„ჩვენ ვართ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ჩვენი პროფესიული მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას  სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება. არჩევნებში კი ამომრჩეველს მით უფრო გაუადვილდება გადაწყვეტილების მიღება, რაც უფრო მეტად იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა იაკობაშვილმა.

მისივე განმარტებით, მედიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ხელისუფლებამ გასულ წელსაც დაიწყო, როდესაც რამდენიმე ფოტორეპორტიორი დააკავეს და სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს.

„ეს იყო ისეთი აბსურდული ბრალდება, როგორიც მაესტროს წინააღმდეგ გაჟღერებული  ბრალდებებია“, - განაცხადა მან.

ორგანიზაციამ დღეს საგანგებო განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ტელეკომპანია მაესტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და პროკურატურის გადაწყვეტილებას ცინიკური და უკანონო უწოდა.