პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს NDI -ის კვლევის შედეგებში ეჭვი არ ეპარება და კვლევის შედეგად გამოვლენილ მონაცემებს რეალისტურს უწოდებს.
ჩიტაძის განცხადებით, NDI -ის ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს და ის დაახლოებით, 120 ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის კვლევებს ახორციელებს.
კვლევის შედეგად კონკრეტულად, „საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, გამოკითხულთა 36% -ის „ნაციონალურ მოძრაობის“ და „ქართულ ოცნების“ 18% -ის მხარდაჭერის შეფასებისას, აცხადებს, რომ კვლევის მიხედვით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შედარებით დაეცა და „ქართული ოცნების“ რეიტინგმა რამდენიმე ერთეულით მოიმატა, თუმცა პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებასთან არაა დაკავშირებული, რომელიც მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის რეიტინგის აწევასა თუ ჩამოქვეითებაში, რაღაც როლს შეასრულებდა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ვიდრე ეს კვლევები ჩატარდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც რადიკალური შეცდომა არ დაუშვია, რომ მის რეიტინგზე ნეგატიურად ასახულიყო, მეორეს მხრივ, „ქართულ ოცნებას“ არ განუხორციელებია რაღაც დადებითი ქმედება, რომელიც მისი რეიტინგის ზრდას ხელს შეუწყობდა“, - განაცხადა ჩიტაძემ და აღნიშნა, რომ თუნდაც სოფელ კარალეთში მომხდარი ინციდენტი, კომენტარები, როგორ აგინებდა ე.წ. პოლიტიკოსი მოსახლეობას და კოალიციის დეფაქტო ლიდერის, ივანიშვილის განცხადება, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება საინტერესო იყოო, მათი რეიტინგის ზრდას ხელს ვერ შეუწყობდა.
ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ უფრო აპოლიტიკურ ადამიანებთან მუშაობის პროცესში გააქტიურდა და ვარაუდობს, რომ აქ დიდ როლს დიდი ფულის ფაქტორი თამაშობს.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებისთვის გასამრჯელოს სთავაზობენ“, - განაცხადა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, თუმცა აცხადებს, რომ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს.
„ალბათ, „ნაც მოძრაობა“ პირველ ადგილზე გავა, თუმცა შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიოპოვოს. ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდება, ყოველშემთხვევაში მმართველ ძალად დარჩება“, - განაცხადა ჩიტაძემ.