"ქრისტიან-დემოკრატებს" მეორე არჩევანის იმედი აქვთ

 "ქრისტიან-დემოკრატების"  წევრის ლევან ვეფხვაძის თქმით, NDI-ს კვლევებმა აჩვენა, რომ ივნისის პირველ ნახევარში, პოლარიზებისა და ეიფორიების პიკში, „ქრისტიან–დემოკრატებისგან განსხვავებით ყველა სხვა ოპოზიციური პარტია ელექტორატის გარეშე დარჩა.

„ქრისტიან–დემოკრატებს“ მყარი მხარდაჭერა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მაღალი მეორე არჩევანი გვაქვს. პირველი და მეორე არჩევანი ჯამში 10-12 პროცენტამდე აღწევს. გარდა ამისა, მაღალია ისეთი ამომრჩევლის წილი, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია -24 პროცენტამდე.“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ვეფხვაძემ. 

ვეფხვაძის თქმით, კვლევების ჩატარების დროს „ქრისტიან-დემოკრატებს“ საარჩევნო კამპანია ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.

„ბოლო ერთი  კვირაა, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ. წინ ორ თვეზე მეტია. საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ, მომავალ პარლამენტში 3 სუბიექტი იქნება. ეს, აუცილებელია იმისთვის, რომ პოლიტიკური სისტემა უფრო სტაბილური იყოს. ოპტიმიზმის საფუძველს ლიდერების - გიორგი თარგამაძის, გიორგი ახვლედიანის, ინგა გრიგოლიას მაღალი პერსონალური რეიტინგი მაძლევს. ოპოზიციური ხუთეულიდან სამი ადგილი მათ უჭირავთ. ყველაზე პოზიტიური და საქმიანი გუნდი სწორედ, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა,“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.