ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მარსაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზბეგში თუ მანქანით ჩავიდა დაინახავდა, რომ ჯვრის უღელტეხილზე გზა 21 წელია არ გაკეთებულა.
„თუ მიხეილ სააკაშვილი ყაზბეგში ჩაფრინდა ამ გზას ვერ დაინახავდა, არადა, ჯვრის უღელტეხილზე გზა გასაკეთებელია და ამის შესახებ პარლამენტში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლეიშვილსაც ვუთხარი",-from.ge-სთან საუბრისას რომან მარსაგიშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გვირაბი გაკეთდება და ამისთვის ფული უკვე მოძიებულია, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ამას მხოლოდ მიესალმება.
„ჩვენთვის ეს გვირაბი შეღავათი იქნება, რადგან გზას შეამოკლებს. ეს იდეა ზვიად გამსახურდიას დროსაც იყო, მაგრამ მაშინ გასაგები მიზეზების გამო ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა მარსაგიშვილმა.
მისივე თქმით, ყაზბეგის რაიონს სხვა მრავალი პრობლემა აწუხებს, რომელსაც ხელისუფლება აქამდე ვერ აგვარებს. მარსაგიშვილი განმარტავს,რომ ყაზბეგს ზამთარში თოვლსაწმენდი მანქანა არ გააჩნია, ზაფხულში კი გაზი არა აქვს, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.
პრეზიდენტმა დღეს დაბა სტეფანწმინდაში 156-ნომრიანი ახლად გახსნილი სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" დაათვალიერა.