ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე საქართველოს შესახებ ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს სერიოზული მხარდამჭერი დოკუმენტია.
ჭყოიძის განცხადებით, ეუთოს ასამბლეის მხრიდან, ასეთი დოკუმენტის მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს ორგანიზაცია სწორედ, კონფლიქტების მოგვარებისთვისაა შექმნილი.
„რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეუთო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მისი პროფილი და მთავარი ფუნქცია მის არეალში არსებული კონფლიქტების მოგვარებაა. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს თუ მიიჩნევს ოკუპირებულად და მის სტატუს განსაზღვრავს, როგორც ოკუპირებულს ბუნებრივია, ეს სერიოზული მხარდაჭერაა. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ეუთო ამავე რეზოლუციაში ამ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის განახლებასა და კონფლიქტების მოგვარებაში მის აქტიურ ჩართვას ითხოვს“, - განაცხადა ჭყოიძემ.
ჭყოიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ასეთი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის პატარა წინგადადგმული ნაბიჯია.
„ეს პატარა წინგადადგმული ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებელია ერთი შეხედვით, რაღაც შედეგამდე ვერ მიდიან, საბოლოო ჯამში იმ შედეგს მოგვიტანენ, რაც ქართველ საზოგადოებას უნდა და ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, - განაცხადა ჭყოიძემ.
ცნობისთვის, ეუთოს პოლიტიკური კომიტეტმა მონაკოში დღეს გამართულ საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში არსებული მდგომარეობა“ უკვე მიიღო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, პირველად გამოიყენა ტერმინი „ოკუპაცია“. საუბარი ეხება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას და დევნილთა უპირობო დაბრუნებას. ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ ოკუპანტებისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებულ იქნა ეთნოწმენდა. მიღებულ რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ეუთო-ს დამკვირვებლების შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.