„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა გაზაფხულიდანვე მოიაზრებოდა „მესამე ოპოზიციურ ძალად“. კუკავამ ერთიანი პრაიმერი შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს და აკაკი ასათიანთან და თემურ შაშიაშვილთან ერთად ახალი ოპოზიციური ბლოკის შესახებ განცხადება გააკეთა.
თქვენ კიდევ ერთხელ მოუწოდეთ ოპოზიციას გაერთიანებისა და სააკაშვილის წინააღმდეგ ერთად ბრძოლისკენ. თუ გამოგეხმაურათ რომელიმე ოპოზიციური პარტია?
დღეს ჩვენ ერთობლივი ბრიფინგი ჩავატარეთ აკაკი ასათიანთან და თემურ შაშიაშვილთან ერთად, შევთანხმდით რომ ერთად დავაყენებთ კანდიდატურებს, თუმცა ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, მიუხედავად იმის, ვის რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. მაჟორიტარი კანდიდატები ეს ისეთი თემაა, რომელიც არ არის დამოკიდებული იდეოლოგიის განსხვავებაზე.
ქართული ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებაშია“ გაერთიანებული. რამდენად შესაძლებელი იქნება თქვენს წინადადებას დათანხმდნენ და თქვენ შემოგიერთდნენ ეს პარტიები?
ვფიქრობ, რომ პირველ რიგში „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ამ პრაიმერებით დაინტერესებული, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გამარჯვების შანსი მათ აქვთ, შეიძლება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მე-5 და მე-6 ადგილზე გასვლას გეგმავდნენ, ეს პრაიმერი დიდად არც აინტერესებდეთ. ის ძალა, რომელიც მაჟორიტარული ოლქების მოგებას გეგმავს, უნდა სჭირდებოდეს პრაიმერები და შედარებით ნაკლებად რეიტინიგული პარტიების მხარდაჭერა. ყოველშემთხვევაში, როდესაც მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მახსოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებისას, რომ „ლეიბორისტების“ ან „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერა მიგვეღო. იმიტომ, რომ ეს პრინციპული იყო. ჩვენ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიმე ოლქებში გვისწრებდა ზოგან 10 % და ზოგან 5%-ით, ჩვენთვის გადამწყვეტი იყო სწორედ იმ ორი პარტიის ხმები.
არ მესმის, ჩვენ იქით უნდა ვეხვეწოთ იმ პოლიტიკურ ძალებს და მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სურთ სააკაშვილის დამარცხება და გამარჯვების მოპოვება? მათი ეს განცხადება ეჭვს იწვევს.
თქვენ For.ge-ს პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადეთ, რომ ნინო ბურჯანაძესთან გაერთიანებას აპირებდით, თუმცა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბურჯანაძე თქვენთან ერთად არ იყო.
ქალბატონ ნინოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის თუ ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური კანდიდატებისთვის, ჩვენი კარი მისთვისაც ღიაა.
გაზაფხულიდან, როგორც კი დაიწყო „მესამე ოპოზიციური ძალის“ შექმნის შესახებ საუბარი, გაჩნდა ის მოსაზრებაც, რომ თქვენ ხმებს არა მარტო სააკაშვილს, არამედ ივანიშვილის „ქართულ ოცნებასაც“ წაართმევდით...
არჩევნები თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება აკეთებს არჩევანს. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა საკმაოდ სოლიდურ მხარდაჭერას მიიღებს. ისევე როგორც ჩვენ მოგვიწევს „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევა, ასევე ისინი წაგვართმევენ ხმებს. ძალიან მეღიმება ხოლმე, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი ამის, როგორც აღმოჩენის შესახებ, ისე განაცხადებს ხოლმე.